logo
ENG



ჩუბინიძე ფარულ ჩანაწერებზე: ამას იუმორის გარეშე ვერ მივიღებ

07 მარ 202121:13
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/07/vp5367bakn58qu8.jpg

ტვ პირველის მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერების ერთერთი ფიგურანტი, ანზორ ჩუბინიძე აცხადებს, რომ სატელეფონო საუბრები გამიზნული პროვოკაციაა. 

გადაცემაში იმედის კვირა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ამბობს, რომ მისი და ბერა ივანიშვილის მსგავს სატელეფონო საუბრებს “იუმორის გარეშე ვერ მიიღებს“.

„ეს იყო გამიზნული პროვოკაცია დაფუძნებული რაღაც ჩანაწერებზე, თუმცა ჩემთვის გასაოცარი იყო სიღრმე უტიფრობისა და აბსურდულობისა. აბსურდული მცდელობა, რომ დაარწმუნონ ქართველი საზოგადოება, რომ ანზორ ჩუბინიძე კარდაკარ, ქუჩა-ქუჩა ბავშვებს დასდევს და უსწორდება - ამას იუმორის გარეშე ვერ მივიღებ. საზოგადოებამ შეაფასოს ეს ბრალდება. საფუძველი არის გამიზნული დისკრედიტაცია მმართველი გუნდის და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების", - განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.

6 მარტს ტვ პირველის გადაცემაში ნოდარ მელაძის შაბათი, სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-კომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.

ჩანაწერში ბერა ივანიშვილი ელაპარაკება სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს. ირკვევა, რომ ის ბერას მითითებებს ასრულებდა და არასრულწლოვნებს, რომლებიც ივანიშვილს მისთვის მიუღებლად მოიხსენიებდა, პირადად ემუქრებოდა. 

ჩანაწერი მოიცავს კიდევ რამდენიმე საუბარს ბერა ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის, რომელშიც მონაწილეები ბერას შეურაცხყოფის გამო მსგავსი ანგარიშსწორების რამდენიმე შემთხვევას იხსენებენ და განიხილავენ.

ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ჩანაწერები 2012 წლამდე უკანონოდაა მოპოვებული და ფაბრიკაციას წარმოადგენს.


close დახურვა