„ეს არის რაღაცეების მოსაწყობად და ცირკები მოაწყონ რამდენიც უნდათ“, - ასე პასუხობს ფინანსთა მინისტრი მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს. როგორც ივანე მაჭავარიანი აცხადებს, ის პარლამენტში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა, მისივე თქმით, მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას, დეპუტატების ყველა კითხვას გასცა პასუხი.
„როდესაც სამი დღის წინ ზუსტად იგივე საკითხებზე გაცილებით დეტალურად ვსაუბრობ ერთ კითხვასაც არ გისვამენ დარბაზში, არც ჩერდებიან რომ მოგისმინონ, ესეიგი ეს რეგლამენტი სულ სხვა რაღაცისთვის გამოიყენება, ამიტომ მემგონი საერთოდ ფუნდამენტში არის გადასახედი. ფაქტია, რომ ეს ანგარიშვალდებულებისთვის არ არის, ეს არის რაღაცეების მოსაწყობად, ცირკები მოაწყონ რამდენიც უნდათ“,-განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, ვანო მაჭავარიანი საკომიტეტო მოსმენაზე ფრაქცია „დამოუკიდებელმა დეპუტატებმა“ დაიბარეს, თუმცა მან დილით კომიტეტის თავმჯდომარეს შეატყობინა, რომ საკანონმდებლო ორგანოში მისვლას არ აპირებდა. დღის წესრიგით, მინისტრს შემდეგ საკითხებზე უნდა ესაუბრა: 1. კერძო სატელევიზიო კომპანიების „რუსთავი 2“-ის, „იმედის“ და „მაესტროს“ ჯამურად 50 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო დავალიანების ამოღების გრაფიკი და აღნიშნული გრაფიკის შეთანხმების საფუძვლები; 2. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2019 წელს გამოვლენილი 100 მლნ. ლარამდე ღირებულების ყალბი აქტივების საკითხზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია და პოზიცია. 3. საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის მიერ 2017 წელს შემოტანილ კანონპროექტზე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პოზიცია.