ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს პარტიის თავმჯდომარის არჩევნები, არსებული დაძაბულობა წარსულში უნდა დარჩეს. ამის შესახებ მან ფორმულასთან ისაუბრა.
"არჩევნებია და საარჩევნო კამპანიას თან სდევს ამგვარი დაძაბულობაც ხოლმე, რაც აუცილებლად, არჩევნების დასრულების მეორე დღიდანვე უნდა გამოსწორდეს. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს. ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, ეს დაძაბულობა და კონკურენცია უნდა დავტოვოთ წარსულში და უნდა გადავიდეთ თანამშრომლობის, მეგობრობის და ერთიანი გუნდის შეკვრის რეჟიმში", - განაცხადა ცისკარიშვილმა.
ლევან ხაბეიშვილის შტაბის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ მეორე ტურის დანიშვნა საჭირო არ გახდება, რადგან ხმათა უმრავლესობით სწორედ ხაბეიშვილი გაიმარჯვებს. ცისკარიშვილის თქმით, დარწმუნებულია, რომ ხმების 60%-ზე მეტს ხაბეიშვილი აიღებს.
ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში გუშინ 10:00 საათზე თავმჯდომარის არჩევნები დაიწყო. ვებგვერდზე თავმჯდომარის ასარჩევად მოქალაქეების რეგისტრაცია 26 იანვარს 10:00 საათზე დასრულდა. რეგისტრაცია და ხმის მიცემა ელექტრონულად, ე.წ. ბლოკჩეინის სისტემის გამოყენებით ხორციელდება - ხმის მიცემა 30 იანვრის 10:00 საათამდე გაგრძელდება.
პარტიაში შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც ამოწმებს, ვინ გადის რეგისტრაციას, ხომ არ აქვთ მათ ყალბი ანგარიში, ან ხომ არ არიან სხვა პარტიის ამომრჩევლები. პროცესს თავმჯდომარეობის ოთხივე კანდიდატის შტაბების წარმომადგენლებიც აკვირდებიან.
9 ნოემბერს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში შიდა პარტიული არჩევნები, მათ შორის ახალი თავმჯდომარის არჩევა მოითხოვეს. იმავე დღეს პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ არჩევნებში მონაწილეობაზე მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე თანაგუნდელებმა "ნაჩქარევი განცხადება გააკეთეს".
საკუთარი კანდიდატურები დააყენეს გიორგი ჩალაძემ და გიორგი მუმლაძემაც. 16 ნოემბერს მონაწილეობის სურვილი გამოთქვა ლევან ხაბეიშვილმაც და გამოვიდა ინიციატივით, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეიქმნას შტაბი, რომელსაც გიორგი ჩალაძე უხელმძღვანელებს. მოგვიანებით ჩალაძემ კანდიდატურა მოხსნა. 12 დეკემბერს საკუთარი კანდიდატურა დააყენა ნონა მამულაშვილმაც.