logo
ENG



ცხელი ზაფხული ფორმულაზე - ტელეკომპანიას ახალი გადაცემები და ავტორები ემატება

26 ივნ 202012:54
3 წუთის საკითხავი
 
9dy540fvzigz09d.jpg

ტელეკომპანია "ფორმულაზე" ივლისიდან ახალი გადაცემები დაიწყება. არხს ემატებიან ახალი სახეებიც.

"ჩვენ ვიწყებთ ცხელ ივლისს ფორმულაზე," - განაცხადა ტელეკომპანია ფორმულას გენერალურმა დირექტორმა ზუკა გუმბარიძემ, რომელმაც ახალი პროექტები დაანონსა.

ერთერთი ახალი გადაცემის გადაცემის წამყვანები "ჩემი ცოლის დაქალების" სცენარისტი ქეთი დევდარიანი, ასევე ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე და ფორმულას გუნდის მოქმედი წევრი ლუკა ლიფონავა იქნებიან. 

"ფართო კუთხით შეეცდებიან მოვლენებს დააკვირდნენ, დიდ სურათში რომ შევძლოთ იმ პრობლემების დანახვა, რაც გვაქვს," - თქვა გუმბარიძემ.

არხს ასევე ემატება ახალი პოლიტიკური თოკ-შოუ, რომელიც 17 საათზე საინფორმაციო გამოშვების შემდეგ დაიწყება და დღის მნიშვნელოვან თემებს სიღრმისეულად შეაჯამებს. მისი ერთერთი წამყვანი ჟურნალისტი სალომე უგულავა იქნება, რომელიც არხს ახლახან შეუერთდა.

"ასევე იქნება ირაკლი ტაბლიაშვილის საავტორო გადაცემა 'კონტექსტი'. ეს იქნება 'ჰარდ-თოქ' ფორმატი, რომელიც კვირაში ერთხელ გავა", - განაცხადა გუმბარიძემ. 

არხს ასევე ახალი ღამის თოკ-შოუ "გურანდა მეძმარიაშვილის შოუ" ემატება, რომელსაც მსახიობი ანი ჩირაძე წაიყვანს.  

"ეს არის ერთგვარი ექსპერიმენტი, რომელსაც 'ფორმულა კრეატივი' გააკეთებს. ფაქტიურად პერსონაჟი გახდება ღამის შოუს წამყვანი. ეს იქნება დიდი სიახლე ბაზარზე," - თქვა გუმბარიძემ. 

არხზე ახალ გადაცემას იწყებს ნიკა ქავთარაძეც. გარდა ამისა, ახალი ქართული სერიალი, "თესეა" დაიწყება, რომელიც ეთერში 3 ივლისიდან გავა. 

აღსანიშნავია, რომ ეს გადაცემების და შოუების არასრული ჩამონათვალია. ივლისში, "ფორმულა" მაყურებელს კიდევ ბევრ საინტერესო პროექტს შესთავაზებს, მათ შორის იქნება ახალგაზრდული გადაცემა "ჩატი" და სხვა.

შეგახსენებთ, რომ "ფორმულას" კიდევ რამდენიმე გადაცემა ემატება, მათ შორის ვახო სანაიას და ნინო ჟიჟილაშვილის ერთობლივი გადაცემა "პოლიტმეტრი". "ჩემი ცოლის დაქალები" კი 26 ივნისიდან გავა ეთერში. 

 


close დახურვა