logo
ENG



ძალადობის ორგანიზების შემდეგ საპატრიარქო გამოხატვის კანონმდებლობით შეზღუდვას ითხოვს

05 ივლ 202119:13
3 წუთის საკითხავი
 
ძალადობის ორგანიზების შემდეგ საპატრიარქო გამოხატვის კანონმდებლობით შეზღუდვას ითხოვს
საქართველოს მთავრობა

ძალადობის ორგანიზების შემდეგ საქართველოს საპატრიარქო გამოხატვის თავისუფლების კანონმდებლობით შეზღუდვას ითხოვს.

როგორც საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ ქადაგებისას განაცხადა, იმისათვის, რომ ძალადობის შემთხვევები თავიდან იქნას აცილებული, კანონმდებლობაში უნდა აისახოს რელიგიური და ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფის მცნება. 

"ეკლესიის სწავლებით, ცოდვაში ჩავარდნილ ადამიანებს არასდროს ვემიჯნებით, პირიქით, ეკლესია შემწყნარებელია მათდამი, ყოველთვის მზად არის მიიღოს და ჩაიხუტოს მონანული ცოდვილი, მაგრამ ვერასდროს შევეგუებით ცოდვის ნორმად გამოცხადებას. ამიტომ, ეს რომ აღარ განმეორდეს, რაც დღეს ვიხილეთ და თავიდან ავიცილოთ ასეთი მძიმე წუთები, ვფიქრობთ ხომ არ არის დრო, რომ კანონმდებლობაში აისახოს რელიგიური და ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფის მცნება", - განაცხადა მეუფე შიომ.

რაც შეეხება ჟურნალისტებზე თავდასხმებს, მან თქვა, რომ ძალადობას ემიჯნება, თუმცა "ღონისძიების ორგანიზატორებს ამასთან დაკავშირებით აფრთხილებდნენ".

"რამდენჯერაც იქნება მცდელობა მსგავსი ღონისძიების ჩატარების, ჩვენი ერი ყოველთვის გამთლიანდება ამის წინააღმდეგ. 20 საუკუნეა ამ სიწმინდისთვის თავს ვდებდით და ეს ასე გაგრძელდება. ვწუხვართ, რომ იყო გადაცდომები, სამწუხარო შემთხვევები, არაკორექტული ქმედებებიც. დაზიანდა რამდენიმე ადამიანი. ჩვენ ვემიჯნებით ძალადობას, მაგრამ ვაფრთხილებდით ამ ღონისძიების ორგანიზატორებს, რომ ეს გარდაუვალი იქნებოდა. ხალხი გამოიწვიეს, ერის პროვოცირება ხდება", - თქვა მეუფე შიომ.

თბილისი პრაიდის კვირეული საქართველოში 1-ლი ივლისიდან დაიწყო. კვირეული ღირსების მარშით უნდა დასრულებულიყო, რომელიც დღეს, 5 ივლისს, 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე იყო დაგეგმილი. 

პრურუსულმა, აგრესიულმა, მოძალადე ჯგუფებმა კონტრაქცია დილიდან დაიწყეს. მათ დაარბიეს ოპოზიციის კარვები პარლამენტის წინ, სცადეს შეჭრა "სირცხვილიას" ოფისში, ასევე, შეიჭრნენ თბილისი პრაიდის ოფისის აივანზე აძვრნენ და ჩამოხიეს ლგბტქ დროშა. 

თავს დაესხნენ ათობით ჟურნალისტს, სცემეს და დაუზიანეს ტექნიკა. 

პრაიდის კონტრაქცია საპატრიარქომ დააანონსა. ძალადობრივ დარბევაში მონაწილეობენ პრორუსული ორგანიზაციის, ალტ ინფოს წარმომადგენლები. 

თბილისი პრაიდმა განვითარებული მოვლენების შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ "ღირსების მარში" #სოლიდარობისთვის დღეს არ შედგება. პრაიდის განცხადებით, ხელისუფლებამ მათ ხელი შეუშალათ, ესარგებლათ შეკრების უფლებით.

აშშ-ის და ევროკავშირის საელჩოებმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, უზრუნველყონ ლგბტქ ადამიანების გამოხატვის თავისუფლება ისე, როგორც ამას საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. თუმცა, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 5 ივლისის დილით, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, დღეს დაგეგმილი "ღირსების მარში" მისთვის "მიზანშეუწონელი" და საფრთხის შემცველია. მისივე თქმით, ღირსების მარშის მიღმა ოპოზიცია დგას.


close დახურვა