ოპოზიციაში ამბობენ, რომ ალგორითმის შეცვლით ხელისუფლებამ სწრაფი ტესტების შემოტანის საჭიროება აღიარა.
როგორც „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, სანამ ალგორითმი შეიცვლებოდა, ყველაზე მნიშვნელოვანი, დრო დაიკარგა.
„სამწუხაროდ, ჩვენ ყველაზე დიდი ფასეული დავკარგეთ, რაც არის დრო ტესტების ჩამოტანასთან დაკავშირებით. 13 მარტიდან, როდესაც ამაზე ამბავი ავტეხე, შეიძლება ასობით ათასი ტესტის ჩამოტანა. დღეს კიდევ უფრო რთულდება ამ ტესტების მოპოვება, რადგან მოთხოვნა დიდი საერთაშორისო ბაზარზე. შეცვლილი ალგორითმიც აჩვენებს, რომ სხვა გზა, გარდა იმისა, რომ მასიურად მოხდეს ადამიანების დატესტვა და დიაგნოსტიკა, არ არსებობს“, - აცხადებს ვაშაძე.
„ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ სწრაფი ტესტების გარეშე კომენდანტის საათსა და სოციალურ დისტანცირება კორონავირუსისგან თვის დაცვის წარუმატებელი მცდელობა იქნება.
„მთავრობამ აღიარა, რომ სწრაფი ტესტები ეს არის ამ ღონისძიებათა აუცილებელი კომპონენტი. გარდა იმისა, რომ მკაცრი სოციალური დისტანცირება უნდა დავიცვათ და ამისთვის კომენდანტის საათიც იქნება შემოღებული. ეს იქნება საკითხის ერთი წარუმატებელი მხარე თუ მას ფართო დიაგნოსტიკა არ ახლავს. ცხელების კლინიკები, გარდა პაციენტების ნაკადების მართვა, შეიცავს ამ კომპონენტს, რომ გაფართოვდეს იმ პირთა წრე, ვისაც ტესტი ჩაუტარდება“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მარიამ ქასრაშვილის თქმით კი, მნიშვნელოვანია სწრაფი ტესტების საჭიროებებზე ხელისუფლების აღიარება.
„მარნეულის ინციდენტის შემდეგ დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ პროტოკოლი გადასახედია. ჩვენ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იქნებოდა თუნდაც პნევმონიის მქონე ყველა პაციენტის დატესტვა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ხელისუფლებამ აღიარა, რომ ტესტირება აუცილებელია“, - აცხადებს ქასრაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ახალი ალგორითმის მიხედვით, სწრაფი ტესტირება სიმპტომური პაციენტების გარდა, რომლებიც საეჭვო შემთხვევის განმარტებას აკმაყოფილებენ, იმ პირებსაც ჩაუტარდებათ, ვისაც მოგზაურობის ისტორია არ აქვს და კლინიკებს ან ჰოსპიტალს ცხელების სიმპტომებით მიმართავს.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.