logo
ENG



ხაბეიშვილი ენმ-ის არჩევნებზე: 51%-ზე მეტმა ამომრჩეველმა ხმა მისცა, მეორე ტური არ იქნება

28 იან 202318:17
3 წუთის საკითხავი
 
ხაბეიშვილი ენმ-ის არჩევნებზე: 51%-ზე მეტმა ამომრჩეველმა ხმა მისცა, მეორე ტური არ იქნება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის ცნობით, რეგისტრირებული ამომრჩევლების 51%-მა, დაახლოებით 25 000-მა ადამიანმა, პარტიის არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო.

ხაბეიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თავმჯდომარეობის არჩევნებში მეორე ტური არ გაიმართება, რადგან "ნაციონალურ მოძრაობას დასაკარგი დრო არ აქვს".

მან დარჩენილ რეგისტრირებულ ამომრჩევლებს ხმის მიცემისკენ მოუწოდა.

ამ დროისთვის 51%-ზე მეტმა რეგისტრირებულმა ამომრჩეველმა ხმა დააფიქსირა - 25 000-ზე მეტმა ადამიანმა. მე მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ არანაირი მეორე ტურები ნაციონალურ მოძრაობაში არ იქნება, არანაირი დასაკარგი დრო ნაციონალურ მოძრაობას არ აქვს. ისედაც ბევრი დავკარგეთ ჩვენდა სამწუხაროდ, მათ შორის ნოემბრიდან მოყოლებული კარგი იქნებოდა, რომ უფრო სწრაფად დაგვემთავრებინა ეს პროცესი. მე მინდა დარჩენილ 49-48%-ს მოვუწოდო, რომ სასწრაფოდ მიიღეთ მონაწილეობა და გახდით ცვლილებების თანამონაწილე“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში დღეს 10:00 საათზე თავმჯდომარის არჩევნები დაიწყო.

ნაციონალური მოძრაობის ვებგვერდზე თავმჯდომარის ასარჩევად მოქალაქეების რეგისტრაცია 26 იანვარს 10:00 საათზე დასრულდა. რეგისტრაცია და ხმის მიცემა ელექტრონულად, ე.წ. ბლოკჩეინის სისტემის გამოყენებით განხორციელდება - ხმის მიცემა 30 იანვრის 10:00 საათამდე გაგრძელდება.

პარტიაში შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც ამოწმებს, ვინ გადის რეგისტრაციას, ხომ არ აქვთ მათ ყალბი ანგარიში, ან ხომ არ არიან სხვა პარტიის ამომრჩევლები. პროცესს თავმჯდომარეობის ოთხივე კანდიდატის შტაბების წარმომადგენლებიც აკვირდებიან.

9 ნოემბერს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში შიდა პარტიული არჩევნები, მათ შორის ახალი თავმჯდომარის არჩევა მოითხოვეს. იმავე დღეს პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ არჩევნებში მონაწილეობაზე მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე თანაგუნდელებმა "ნაჩქარევი განცხადება გააკეთეს".

საკუთარი კანდიდატურები დააყენეს გიორგი ჩალაძემ და გიორგი მუმლაძემაც. 16 ნოემბერს მონაწილეობის სურვილი გამოთქვა ლევან ხაბეიშვილმაც და გამოვიდა ინიციატივით, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეიქმნას შტაბი, რომელსაც გიორგი ჩალაძე უხელმძღვანელებს. მოგვიანებით ჩალაძემ კანდიდატურა მოხსნა. 12 დეკემბერს საკუთარი კანდიდატურა დააყენა ნონა მამულაშვილმაც.


close დახურვა