პარტია ლელო 20-21 ივნისის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა. მანვე განმარტა, რომ ამნისტიის მიღებამდე, საჭიროა დადგინდეს, "ვინ იჯალათა" და ვინ გასცა ბრძანება.
"მზადდება ალტერნატიული კანონპროექტი, რომელსაც ჩვენ შევიტანთ, რადგან არანაირად არ ვეთანხმებით ქართული ოცნების მიდგომას ამნისტიასთან დაკავშირებით.
ამავე დროს, გამოვდივართ ინიციატივით, რომ შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რადგან ინფორმაცია არის დახურული, ქართული ოცნება ითხოვს ყველას შეწყალებას, მაგრამ, სანამ შეწყალებაზე იქნება საუბარი, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ არიან ეს პირები, ვინ გადაამეტა უფლებამოსილებას, ვინ იჯალათა, ვინ გასცა ბრძანება. ამას სჭირდება დადგენა", - განაცხადა ხაზარაძემ.
გუშინ, 27 აპრილს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რამდენიმესაათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. ოპოზიციონერ შალვა შავგულიძის თქმით, ხელისუფლება ამბობს, რომ ამნისტიის კანონპროექტში კონკრეტულად ბრალდებები და მუხლები არ იყოს მოხსენიებული და ითქვას, რომ ამნისტია ვრცელდება 19-21 ივნისის ფაქტთან დაკავშირებულ ყველა ჰიპოთეტურ დანაშაულზე. ვინაიდან მხარეები ვერ შეთანხმდნენ, დღეს ამნისტიის თაობაზე ორი კანონპროექტი დარეგისტრირდება.
შეთანხმების დოკუმენტში, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა 19 აპრილს ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს. 2 საქმეში ნიკა მელიას და გიორგი რურუას საქმეები იგულისხმება.
20 აპრილს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შარლ მიშელთან ვახშმის შემდეგ სალომე სამადაშვილმა თქვა, რომ 27 აპრილს, როცა პარლამენტში ამნისტიის კანონის რეგისტრაცია მოხდება, სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას შეიწყალებს.
დოკუმენტის მიხედვით, ნიკა მელიამ ციხე ამნისტიის კანონით უნდა დატოვოს, მოიაზრება გირაოს გადახდაც.
მელია გირაოს გადახდაზე აქამდე უარს ამბობდა, ასევე, მისთვის მიუღებელია ამნისტიის კანონის შინაარსი, ვინაიდან ის 20 ივნისის დამნაშავე პოლიციელებზეც უნდა გავრცელდეს. უცნობია, შეეხება თუ არა ამნისტია ბრძანების გამცემ პირებს.
ევროკავშირს წერილით მიმართეს 20 ივნისს დაზარალებულებმა და მოითხოვეს, საქართველოს დაეხმარონ ისე, რომ არ შეილახოს მათი უფლებები.
ასევე, საია-მ, რომელიც პარტიებს შეთანხმების ხელმოწერისკენ მოუწოდებდა, ახლა მიმართავს მათ, არ დაუშვან 20 ივნისს პოლიციელთა დანაშაულებებზე ამნისტიის კანონის ინიცირება.