ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ შარლ მიშელის ახალი დოკუმენტის პუნქტების შესრულებას ევროპარლამენტარების ჯგუფი გააკონტროლებს. ხაზარაძე ამის შესახებ facebook-ზე წერს.
"ევროპაში ვიზიტის ფარგლებში შეთანხმდა, რომ შეიქმნება ევროპელი დეპუტატების მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც 5 პუნქტიანი ხელშეკრულების აღსრულებას დეტალურ მონიტორინგს გაუწევს. ევროპარლამენტარების მონიტორინგის ჯგუფი კონტროლს გაუწევს, რომ შესრულდეს დოკუმენტის პუნქტები, რომელიც შარლ მიშელის მედიაციით შეიქმნა", - წერს ხაზარაძე.
ამასთან, ხაზარაძე წერს, რომ ბრიუსელში გაჟღერდა ინიციატივა, რომელიც ევროკავშირისთვის საგზაო რუკის შემოღებას გულისხმობს.
ხაზარაძის თქმით, ეს ევროკავშირის წევრობისთვის შუალედურ სტატუსს გულისხმობს.
"ამავე ვიზიტის დროს, ბრიუსელში გახმოვანდა უმნიშვნელოვანესი ახალი ინიციატივა, შემოღებულ იქნას საგზაო რუკა ევროკავშირის წევრობისთვის ისეთივე, როგორც არსებობს ნატოს შემთხვევაში. ეს იქნება წინ გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯი და ის გულისხმობს შუალედურ სტატუსს ევროკავშირის წევრობისთვის, რომელიც შესაძლებელია მიენიჭოს საქართველოს", - წერს ხაზარაძე.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტში, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა 19 აპრილს ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს. 2 საქმეში ნიკა მელიას და გიორგი რურუას საქმეები იგულისხმება.
20 აპრილს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შარლ მიშელთან ვახშმის შემდეგ სალომე სამადაშვილმა თქვა, რომ 27 აპრილს, როცა პარლამენტში ამნისტიის კანონის რეგისტრაცია მოხდება, სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას შეიწყალებს.
დოკუმენტის მიხედვით, ნიკა მელიას გირაოს ან ევროკავშირი გადაუხდის, ან ამნისტიის კანონით დატოვებს ციხეს.
რა წერია მედიატორების შემოთავაზებულ 5- პუნქტიან წაიკითხეთ აქ