logo
ENG



ხვალ, 28 სექტემბერს ლარსის გამშვებ პუნქტზე საპროტესტო აქცია გაიმართება

27 სექ 202216:51
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/27/lxr9ksa41i40wc5.jpg

ხვალ, საქართველო-რუსეთის საზღვართან, ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე საპროტესტო აქცია გაიმართება. აქცია მოძრაობა "დროამ" დააორგანიზა.

მოქალაქეები 10:00 საათზე, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან, საიდანაც ლარსის სასაზღვრო პუნქტისკენ გაემგზავრებიან, სადაც აქცია 15:00 საათზე გაიმართება. 

"რუსეთში “მობილიზაციის” გამოცხადების შემდეგ, საქართველოში შემომსვლელი რუსეთის მოქალაქეების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. 16 და 20 კილომეტრიანი რიგი ლარსის გამშვებ პუნქტთან ყოველდღიური რეალობაა.

რუსეთის მოქალაქეების უპრეცედენტო შემოდინება ზრდის რისკებს საქართველოს უსაფრთხოებისა და ეკონომიკისთვის. ქვეყანა არ არის მზად მიგრანტების ნაკადთან გასამკლავებლად. გარდა ამისა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და რუსეთის FSB-ს შორის დადასტურებული თანამშრომლობის ფონზე, შეუძლებელი გახდება დადგენა იმისა, თუ ვინ კვეთს საზღვარს.

საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ცნობილია, ისინი არ აპირებენ საზღვრის ჩაკეტვას და არც ნაკადის შეზღუდვას.

შესაბამისად, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს გვეკისრება პასუხისმგებლობა, ვიმოქმედოთ", - წერენ აქციის ორგანიზატორები.

***

უკვე მეშვიდე დღეა, ლარსის გამშვები პუნქტის გავლით საქართველოში რუსეთის მოქალაქეები შემოდიან. 

გუშინ, 27 სექტემბერს ტელეგრამარხებზე გამოჩნდა ფოტოები, სადაც რუსეთის მხრიდან ლარსის გამშვებ პუნქტთან რუსი სამხედროებისა და ჯავშანტრანსპორტის გადაადგილება ჩანს, რაც მოგვიანებით რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმაც დაადასტურა.

26 სექტემბერს გამოცემა Meduza-მ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ხელისუფლება სამობილიზაციო ასაკის კაცებისთვის საზღვრების ჩაკეტვას აპირებს. მისივე თქმით, აკრძალვის შემოღების ყველაზე სავარაუდო თარიღი 28 სექტემბერია.

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბერს დაიწყო. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, გაწვევას ექვემდებარება ის, ვინც რეზერვში იმყოფება და აქვს შესაბამისი სამხედრო სპეციალობა და საბრძოლო გამოცდილება. სამთავრობო პორტალზე "Explain.rf" ნათქვამია, რომ "პრიორიტეტულად" მობილიზებას ექვემდებარებიან 35 წლამდე რიგითები და სერჟანტები, 50 წლამდე უმცროსი ოფიცრები, 55 წლამდე უფროსი ოფიცრები. Meduza-ს ინფორმაციით, ჯარისკაცები და სერჟანტები რეზერვში არიან 50 წლამდე, გენერლები კი უკვე 70 წლამდე.


close დახურვა