logo
ENG



ხვიჩია: მურუსიძის სასამართლო ვერ გაასამართლებს აქციის მონაწილეებს, ხალხმა გადაწყვიტოს

21 აპრ 202317:32
3 წუთის საკითხავი
 
ხვიჩია: მურუსიძის სასამართლო ვერ გაასამართლებს აქციის მონაწილეებს, ხალხმა გადაწყვიტოს

გირჩის წევრი იაგო ხვიჩია მხარს უჭერს ინიციატივას, ლაზარე გრიგორიადისის საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ და აცხადებს, რომ მურუსიძის სასამართლოს არ აქვს უფლება, მარტის აქციებში მონაწილე ახალგაზრდები გაასამართლოს.

"მურუსიძის სასამართლო ვერ გაასამართლებს ამ აქციაზე მონაწილე ახალგაზრდებს, როგორც არ უნდა მოქცეულიყვნენ ისინი. ამიტომ, ამ ახალგაზრდებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, აირჩიონ, რომ მათი საქმე განიხილონ ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ. ჩვენ შემოტანილი გვაქვს დიდი ხანია ეს კანონპროექტი პარლამენტში და შესაბამისად, ვნახოთ, საით წავა ეს პოლიტიკური პროცესი და რამდენად გაითვალისწინებს ქართული ოცნება ამ არგუმენტაციას, მაგრამ მე ლაზარეს ოჯახის წევრების არგუმენტაციას ვეთანხმები და სწორი მიმართულებაა ზოგადად, ხალხმა გადაწყვიტოს, არის თუ არა ეს ადამიანი დამნაშავე. მურუსიძის სასამართლოს, რომელიც ცოტა ხნის წინ თვითონ გამოაცხადა კრიმინალად აშშ-მა, ამის არანაირი მორალური უფლება არ აქვს"- ამბობს ხვიჩია.

20 აპრილს დაკავებული აქტივისტის ლაზარე გრიგორიადისის ბაბუამ გია კალანდაძემ TV პირველის ეთერში განაცხადა, რომ აქვს სურვილი, ლაზარეს საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს.

21 აპრილს მარტის აქციების კიდევ ერთმა ბრალდებულმა თორნიკე აკოფაშვილმა და თავისუფლების ინსტიტუტმა წარადგინეს პეტიცია, რომლითაც ითხოვენ ბრალდებული აქტივისტის საქმეები ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს.

საქართველოს კანონმდებლობით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მოქმედებს მძიმე კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებისთვის, როგორიცაა განზრახ მკვლელობის, ტრეფიკინგის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ორგანოებით ვაჭრობის ბრალდებები. პირის ბრალეულობას ან უდანაშაულობას, პროფესიონალი მოსამართლის ნაცვლად ნაფიცი მსაჯულები ადგენენ, რომლებიც საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები არიან.

31 მარტს სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 29 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავეს ერთი ადამიანი, ვინც მათი მტკიცებით, 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა. უწყება ამტკიცებს, რომ ამის შედეგად, პოლიციელებმა დაზიანებები მიიღეს.

შსს-ს განცხადებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს და 7-9 მარტს მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს "მომხდარ ძალადობრივ ქმედებებზე" საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ სიძულვილის კამპანია დაიწყო. უკვე ორჯერ ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ორიენტაციაარეული" უწოდა


close დახურვა