კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ხვალ საქართველოში ჩინეთიდან 1 000 სწრაფი ტესტი ჩამოვა.
გაბუნიას თქმით, სწრაფ ტესტზე შემოწმება ექიმის დასკვნის საფუძველზე უნდა მოხდეს.
„გამოვიკვლიეთ 40 კონტაქტი. აქედან 4 იყო დადებითი შემთხვევა. დღესაც გაგრძელდება კონტაქტების გამოკვლევა და ვნახოთ რა სურათს მოგვცემს. პირველი რიგის კონტაქტები, ვისაც მაღალი რისკი აქვს, დაახლოებით ასამდე პირს, დღეს გამოვიკვლევთ. ყველა მაღალი რისკის მქონე 40 პაციენტი უკვე გამოვიკვლიეთ და მათგან ოთხს აღმოაჩნდა დადებითი პასუხი.
"ჩინეთიდან უკვე წამოვა 1 000 ტესტი, ეს არის საჩუქარი. ხვალ უკვე ეს ტესტები იქნება ქვეყანაში. 200 000-ზე მეტი ტესტი აპრილის დასაწყისში იქნება ქვეყანაში. საექიმო შეფასების გარეშე, ნუ გვექნება მოლოდინი, რომ ტესტს მარტივად გავიკეთებთ. ამას სჭირდება სამედიცინო პერსონალის დასტური“, - განაცხადა გაბუნიამ.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 67 შემთხევვა ფიქსირდება, რომელთაგან 2 ავსტრიის მოქალქე იყო და ისინი სპეცრეისით უკვე გაემგზავრნენ საკუთარ სამშობლოში. 9 პაციენტი კი უკვე გამოჯანმრთელდა.
გარდა ამისა, ამ დროისთვის დაფიქსირდა კორონავირუსის დაინფიცირების შემთხვევა, როდესაც არაა ცნობილი თუ ვინაა დაინფიცირების წყარო. ამ ფაქტის გამო, მკაცრი კარანტინის ზონად რეჟიმზე გადავიდნენ ბოლნისი და მარნეული.