logo
ENG



ჯაფარიძე: ამნისტიის კანონპროექტის დარეგისტრირება დიდი ალბათობით ხვალ არ მოხდება

26 აპრ 202121:51
3 წუთის საკითხავი
 
ჯაფარიძე: ამნისტიის კანონპროექტის დარეგისტრირება დიდი ალბათობით ხვალ არ მოხდება

პარტია ლელოს ერთერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტის დარეგისტრირება დიდი ალბათობით ხვალ არ მოხდება.

როგორც ჯაფარიძემ ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ხვალ საკანონმდებლო ორგანოში მივლენ და დარეგისტრირდებიან იმისათვის, რომ პრეზიდენტმა გიორგი რურუა შეიწყალოს, ამნისტიაზე კი კონსულტაციებს გააგრძელებენ.

"ხვალ ჩვენ დავრეგისტრირდებით პარლამენტში იმისათვის, რომ ამოქმედდეს პრეზიდენტის შეწყალების აქტი რურუასთან მიმართებაში, რომ ერთმა ადამიანმა დატოვოს საპატიმრო. ამის შემდეგ გავაგრძელებთ კონსულტაციებს ამნისტიის შესახებ კანონთან დაკავშირებით, იმისათვის, რომ ვნახოთ, არსებობს თუ არა შეჯერების შესაძლებლობა. მაგრამ ხვალ კანონპროექტის დარეგისტრირება დიდი ალბათობით არ მოხდება", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. 

რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის განცხადებას, რომელმაც დღეს ოპოზიციას და მმართველ გუნდს მოუწოდა, ამნისტიის კანონპროექტი პარლამენტიდან გამოითხოვონ, ჯაფარიძემ თქვა, რომ ნიკა მელიას ნებისმიერ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს, თუმცა შეთანხმების დოკუმენტში ცვლილებების შეტანა მხოლოდ მედიატორს შეუძლია.

"მინდა ვუთხრა, რომ მე რა თქმა უნდა მხარს ვუჭერ მის ნებისმიერ გადაწყვეტილებას, იმიტომ, რომ ეს ხელშეკრულება მათ შორის ემსახურებოდა მის საპატიმროდან გამოყვანას და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას. მის გადაწყვეტილებას და პოზიციას პატივს ვცემ, ოღონდ გასათვალისწინებელია, რომ მედიატორის მიერ მომზადებულ დოკუმენტში ცვლილებების შეტანა შეუძლია მხოლოდ მედიატორს", - თქვა ჯაფარიძემ.

შეთანხმების დოკუმენტში, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა 19 აპრილს ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს. 2 საქმეში ნიკა მელიას და გიორგი რურუას საქმეები იგულისხმება. 

20 აპრილს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შარლ მიშელთან ვახშმის შემდეგ სალომე სამადაშვილმა თქვა, რომ 27 აპრილს, როცა პარლამენტში ამნისტიის კანონის რეგისტრაცია მოხდება, სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას შეიწყალებს. 

დოკუმენტის მიხედვით, ნიკა მელიამ ციხე ამნისტიის კანონით უნდა დატოვოს, მოიაზრება გირაოს გადახდაც. 

ნიკა მელიასთვის მიუღებელია ამნისტიის კანონის შინაარსი, ვინაიდან ის 20 ივნისის დამნაშავე პოლიციელებზეც უნდა გავრცელდეს. ამასთან დაკავშირებით დღეს მელიამ განცხადება გაავრცელა. მან ოპოზიციასა და ქართულ ოცნებას მიმართა, გამოითხოვონ პარლამენტიდან 20 ივნისის ამნისტიის პროექტი და განაცხადა, რომ ასე შემთხვევაში მზადაა, დათანხმდეს ევროკავშირის შეთავაზებულ გირაოს. 

ევროკავშირს წერილით მიმართეს 20 ივნისს დაზარალებულებმაც და მოითხოვეს, საქართველოს დაეხმარონ ისე, რომ არ შეილახოს მათი უფლებები. 

ასევე, საია-მ, რომელიც პარტიებს შეთანხმების ხელმოწერისკენ მოუწოდებდა, ახლა მიმართავს მათ, არ დაუშვან 20 ივნისს პოლიციელთა დანაშაულებებზე ამნისტიის კანონის ინიცირება. 


close დახურვა