logo
ENG



ჯაფარიძე: დაზარალებულების თანხმობა ამნისტიასთან დაკავშირებით არის საჭირო

25 აპრ 202117:27
3 წუთის საკითხავი
 

ლელო საქართველოსთვის ერთერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ ამნისტიაზე საჭიროა დაზარალებულების თანხმობაც.

როგორც ჯაფარიძემ შეხვედრის შემდეგ განმარტა, მსგავსი პრაქტიკა არსებობს და საჭიროა მისი გამოყენება. ოპოზიციონერის თქმით, ამნისტია არ შეეხებათ იმ პირებს, ვინც უკანონო ბრძანებები გასცა და დაზარალებულებს, მაგალითად მაკო გომურსა და კობა ლეთოდიანს, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა.

„ჩვენი პოზიციაა, რომ ამნისტია ვერ გავრცელდება მუხლებზე, რომლებიც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ ზიანის მიყენებას და უკანონო ბრძანების გაცემას. მიგვაჩნია, რომ დაზარალებულების თანხმობა ამნისტიასთან დაკავშირებით არის საჭირო - ასეთი პრაქტიკა არსებობს საქართველოში.

კონვენციას რაც ეწინააღმდეგება, ასეთ დანაშაულზე ვერ გავრცელდება, დეტალური განხილვა იქნება და ჩვენი პოზიცია საჯაროდ ცნობილია. პროპაგანდა, რომ ამნისტია ეხება ყველას, ვინც ჩაიდინა დანაშაული, ვინც დაზიანება მიაყენა მაკო გომურს, ლეთოდიანს, ეს არის ტყუილი. ვერ გავრცელდება იმ პირებზე, ვისაც შესაძლოა გაცემული აქვთ ბრძანება. 

მინდა მივმართო იმ ადამიანებს, ვისაც ნაკლებად ჰქონდათ ინფორმაცია - არანაირი ამნისტია არაა მხარდაჭერილი ოპოზიციის მხრიდან, რომელიც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას. ამნისტია გავრცელდება კონკრეტულ მუხლებზე. ვინც არ იქნება თანახმა, რომ ამნისტია შეეხოს, ექნება უფლება, რომ ეს სასამართლოში გაასაჩივროს. 

კონკრეტული შეთანხმება არ გვაქვს, მაგრამ ქართულმა ოცნებამ თქვა, რომ არ უნდა გავრცელდეს იმ დანაშაულზე, რომელსაც კონვენციები კრძალავს", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

 

პარლამენტში 27 აპრილს დაიწყება ცვლილებების განხილვა, რომლითაც 19 აპრილს ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში არსებული ჩანაწერი ამნისტიის კანონში უნდა აისახოს. 

შეთანხმების დოკუმენტში, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა 19 აპრილს ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს. 2 საქმეში ნიკა მელიას და გიორგი რურუას საქმეები იგულისხმება. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილის აზრით, პოლიციელების შემთხვევაში კანონს დაზარალებული მხარის თანხმობა უნდა დაემატოს. 

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ 27 აპრილს, როცა პარლამენტი კანონპროექტის განხილვას დაიწყებს, გიორგი რურუას შეიწყალებს. 

დოკუმენტის მიხედვით, ნიკა მელიამ ციხე ამნისტიის კანონით უნდა დატოვოს, მოიაზრება გირაოს გადახდაც. 

მელიასთვის მისაღებია გათავისუფლება ევროკავშირის თავდებობით, თავად გირაოს გადახდაზე უარს ამბობს. მისთვის ასევე მიუღებელია ამნისტიის კანონის შინაარსი, ვინაიდან ის 20-21 ივნისის დამნაშავე პოლიციელებზეც უნდა გავრცელდეს. 

22 აპრილს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ამნისტია შეეხება მას, ვიზეც 20-21 ივნისის საქმეზე "აღძრულია საქმე და მასაც, ვიზეც შეიძლება, მომავალში აღიძრას". 

ევროკავშირს წერილით მიმართეს 20 ივნისს დაზარალებულებმა და მოითხოვეს, საქართველოს დაეხმარონ ისე, რომ არ შეილახოს მათი უფლებები. 

მათთვის ამნისტიის კანონი კატეგორიულად მიუღებელია. 27 აპრილს 20 ივნისს დაზარალებულებმა საპროტესტო აქციაც დააანონსეს - ის კანონის პარლამენტში ინიცირების პარალელურად გაიმართება. 

ასევე, საია-მ, რომელიც პარტიებს შეთანხმების ხელმოწერისკენ მოუწოდებდა, ახლა მიმართავს მათ, არ დაუშვან 20 ივნისს პოლიციელთა დანაშაულებებზე ამნისტიის კანონის ინიცირება.   


close დახურვა