ოპოზიციონერი დეპუტატები ქართული ოცნების ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ და გიორგი რურუას გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.
პოლიტიკური პარტია „ლელოს“ წარმომადგენლის ბადრი ჯაფარიძის თქმით, საერთაშორისო მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები ხელისუფლებას, პოლიტიკური მიზნებისათვის მართლმსაჯულების გამოყენების დასრულებისკენ მოუწოდებენ.
„საბჭოთა კავშირი უარყოფდა პოლიტიკური პატიმრების არსებობას. დანარჩენი სამყარო აღიარებს პოლიტიკური პატიმრების არსებობას და მხოლოდ ხელისუფლება უარყოფს. პირდაპირ ნათელია, რომ სინამდვილეში მართლაც გვაქვს პოლიტიკური მიზნებით მართლმსაჯულების გამოყენება, მართლა გვაქვს ეს პრობლემა, რასაც ჰქვია პოლიტიკური პატიმარი“, - განაცხადა „ლელოს“ წარმომადგენელმა ბადრი ჯაფარიძემ.
გიორგი რურუა, რომელიც მოძრაობა "სირცხვილიას" ფინანსურად ეხმარებოდა, გასული წლის 18 ნოემბერს, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით მის ბრალდებას დაემატა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისთვის ხელის შეშლა. რურუა ბრალს არ აღიარებს.
გიორგი რურუას გათავისუფლება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ნაწილია. ოპოზიცია აცხადებს, რომ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად, შეთანხმების მიხედვით, უნდა გათავისუფლებულიყო გიორგი რურუაც.
"ქართული ოცნება" შეთანხმების მეორე ნაწილის არსებობას დღემდე უარყოფს, თუმცა, ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორების ზეწოლის ფონზე, საქართველოს პრეზიდენტმა უკვე შეიწყალა უგულავა და ოქრუაშვილი.
იმას, რომ პატიმრების გათავისუფლება შეთანხმების ნაწილია, ადასტურებს დიალოგის ფასილიტატორების განცხადებები, რომლებიც მხარეებს მისი სრულად შესრულებისკენ მოუწოდებენ და "სასამართლო პროცესების არასათანადო პოლიტიზაციის აღქმაზე" რეაგირების პირობას უსვამენ ხაზს.
26 ივნისს ცნობილი გახდა, რომ სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, ჯეიმს რიშის ინიციატივით, აშშ-ის ეროვნული თავდაცვის აქტში შესაძლოა შევიდეს ცვლილებები, რომელიც სწორედ 8 მარტის შეთანხმებასა და გიორგი რურუას პატიმრობას ეხება. შესწორებაში აღნიშნულია, რომ რურუა კვლავ პატიმრობაშია და წერია, რომ აშშ-ს და საქართველოს შორის თანამშრომლობა გაგრძელდება, თუ საქართველოს მთავრობა დანაპირებს შეასრულებს.
ამ დრომდე მმართველ გუნდს არა ერთმა სენატორმა, ევროპარლამენტარმა და კონგრესმენმა მოუწოდა, რომ შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება და გიორგი რურუა გაათავისუფლონ საპატიმროდან.
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარე ჯეიმს რიში და ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის დემოკრატი ლიდერი ჯინ შაჰინი საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას ერთობლივი განცხადებითაც გამოეხმაურნენ. მათი თქმით, ისინი ელიან რურუას გათავისუფლებასაც.
საქართველოს ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისკენ და გიორგი რურუას ციხიდან გათავისუფლებისკენ მოუწოდა ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმაც. როგორც მან "ფორმულასთან" ინტერვიუში თქვა, შეთანხმების შესრულებაზე პასუხისმგებლობა "ქართული ოცნების" ხელისუფლებას ეკისრება.