ლელოს ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ ისინი მზად არიან "თანხმობის მიღწევის მცდელობის" პროცესში ჩაერთონ და ამისთვის პრეზიდენტ ზურაბიშვილის მოწვევას ელოდებიან.
ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რომ პროცესის დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა "ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ წლების განმავლობაში დაგროვებული პრობლემები ერთ ან ორ კვირაში გადაიჭრება".
"ჩვენ ველოდებით პრეზიდენტის მიწვევას. მზად ვართ, ძალიან აქტიური მონაწილეობა მივიღოთ პროცესში, რომელსაც ჰქვია თანხმობის მიღწევის მცდელობა მნიშვნელოვან პოლიტიკურ აქტორებს შორის, რომელსაც ჰქვია საზოგადოების გამთლიანებისკენ ნაბიჯის გადადგმა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. ოღონდ ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ ერთ ან ორ კვირაში შეიძლება გადაიჭრას ყველა პრობლემა, რომელიც დაგროვდა წლების განმავლობაში, მაგრამ, აუცილებელია, დავიწყოთ პროცესი.
შევთანხმდეთ ფორმატზე და ვიფიქროთ იმაზე, რომ ყველამ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყნის პრიორიტეტები დავაყენოთ წინ და არა პარტიული ან სუბიექტური სიმპათია ან ანტიპათია", - ამბობს ჯაფარიძე.
ამასთან, ჯაფარიძე დადებითად აფასებს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პროცესში ჩართვას.
"დადებითია, რომ მარგველაშვილი ჩაერთო იმ პროცესში, რასაც ჰქვია დიალოგის დაწყება, თანხმობისკენ გადადგმული ნაბიჯი, რისი ინიცირებაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოახდინა. ეს არის დადებითი და რა თქმა უნდა, მივესალმებით მარგველაშვილის ჩართვას ამ პროცესში", - თქვა ჯაფარიძემ.
მარგველაშვილმა სააკაშვილის მონახულების თხოვნით პენიტენციურ სამსახურს, თავდაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროებს უკვე მიმართა. იგი წერილში განმარტავს, რომ სურს მიხეილ სააკაშვილთან განიხილოს პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიცირებული "შერიგების პროცესი".
მანამდე, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ უკვე შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და სხვა თემებთან ერთად, განიხილა ინიციატივა "ეროვნულ თანხმობაზე".
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე საქართველოს სახელით წარსდგა და თქვა, რომ პოლარიზაციის და სიძულვილის დაძლევა აუცილებელია და როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ეროვნული მასშტაბით წამოიწყებს საუბარს ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად.
ამის შემდეგ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წინასაახალწლო მიღებაზე პარტიებს "ეროვნული თანხმობის" მიღწევის მისი ხედვა გააცნო.