logo
ENG



ჯაფარიძე: ლელო აგრძელებს პარლამენტშიც წინააღმდეგობას და მის გარეთაც, ეს არის ჩვენი პოზიცია

01 ნოე 202119:01
3 წუთის საკითხავი
 
ჯაფარიძე: ლელო აგრძელებს პარლამენტშიც წინააღმდეგობას და მის გარეთაც, ეს არის ჩვენი პოზიცია

ლელოს ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ ლელო ბრძოლას გააგრძელებს როგორც პარლამენტში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. ამაზე ჯაფარიძემ ფორმულას გადაცემა კომენტარში ისაუბრა.

ჯაფარიძის თქმით, მამუკა ხაზარაძე, რომელმაც გუშინ თქვა, რომ დეპუტატის მანდატს ტოვებს, გააგრძელებს ოპოზიციური კოალიციის გაძლიერებას, ფრაქცია ლელო კი საქმიანობას პარლამენტის შიგნით გააგრძელებს.

"ლელო აგრძელებს პარლამენტშიც წინააღმდეგობას და მის გარეთაც. ეს არის ჩვენი პოზიცია, როგორც პარტიის. ჩვენ ვაგრძელებთ პარლამენტს შიგნით მუშაობას, მათ შორის ფრაქცია და მამუკა ხაზარაძე აგრძელებს პარლამენტის გარეთ უმნიშვნელოვანეს სამუშაოს, რასაც ჰქვია კოალიციის გაძლირება", - ამბობს ჯაფარიძე. 

რაც შეეხება შეკითხვას, განიხილება თუ არა ბოიკოტი საკრებულოებშიც, ბადრი ჯაფარიძემ ასე უპასუხა:

"ლელოს პოზიციაა, რომ ჩვენ მივიღებთ ყველა იმ ორგანოში მუშაობას, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, სადაც ჩვენ ვართ არჩეულები იმიტომ, რომ ეს მანდატი ჩვენ ხალხმა მოგვცა, შესაბამისად, ვალდებულები ვართ გამოვიყენოთ ეს მანდატი ჩვენი თანამოქალაქეების სასარგებლოდ", - თქვა ჯაფარიძემ.

დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ გუშინ, 31 ოქტომბერს ლელოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ბრძოლას ქუჩაში გააგრძელებს.

დღეს პარლამენტის დეპუტატის მანდატი დატოვეს ანი წითლიძემ და ნონა მამულაშვილმაც.

***

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდა. ცესკოს წინასწარი შედეგებით, ყველა თვითმმართველ ქალაქსა და თემში, გარდა წალენჯიხისა, ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა. 

არჩევნები მმართველი პარტიის წევრების მხრიდან ოპოზიციის წარმომადგენლებზე, კრიტიკული მედიების ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებზე ძალადობის ფონზე წარიმართა.

არჩევნების შედეგებზე გავლენა მოახდინა ბიულეტინების გაბათილებამ, ამომრჩევლებსა და კანდიდატებზე ზეწოლამ და ძალადობამ. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით, არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებს მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება მოეხდინა საბოლოო შედეგებზე. ISFED-ის შეფასებით კი, "მეორე ტური გაშვებული შესაძლებლობაა დემოკრატიული განვითარების გზაზე". 

ამასთან, ბათუმსა და ქუთაისში გაბათილებული ბიულეტენების რაოდენობა აღემატება კანდიდატებს შორის ხმების სხვაობას. 

ეუთო/ოდირის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ალბერტ იონსონის თქმით, იყო ჩივილები დაშინებასა და ზეწოლაზე. მისივე განცხადებით, დამკვირვებლები პარტიული მხარდამჭერების როლში იყვნენ და უბნების გარეთ ამომრჩევლებზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ გარკვეული ჯგუფები და ხდებოდა ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენება.


close დახურვა