logo
ENG



ჯეჯელავა გარეჯზე: სინოდის გადაწყვეტილების ზეპირი გამოცხადების დროს, დაშვებულია შეცდომა

11 თებ 202119:09
3 წუთის საკითხავი
 
ჯეჯელავა გარეჯზე: სინოდის გადაწყვეტილების ზეპირი გამოცხადების დროს, დაშვებულია შეცდომა

ეთიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრის ხელმძღვანელი ლელა ჯეჯელავა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, წმიდა სინოდმა განაჩინა, რომ აზერბაიჯანთან საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 1938 წლის იმ რუკით უნდა გაევლოს, რომლის გადამალვასაც პროკურატურა კარტოგრაფებს ედავება და აღნიშნავს, რომ ეს ფაქტობრივი შეცდომაა. 

როგორც ჯეჯელავამ ფორმულას გადაცემაში კომენტარი განმარტა, 1996 წელს დადებულ ხელშეკრულებაში საუბარია მხოლოდ 1938 წლის 1:500 000 რუკაზე, და არა 1937-38 რუკებზე.

"სანამ არ იქნება სინოდის განჩინება, თავს შევიკავებ რაიმე კატეგორიული მსჯელობისგან. მაგრამ მე მომეჩვენა, რომ სინოდის ამ გადაწყვეტილებამ, რაც მოვისმინეთ, მაგრამ ჯერ არ ვიცით რა ფორმით აისახება ეს განჩინებაში, გაამაგრა პროკურატურის პოზიცია, რომელიც დაობს სწორედ იმაზე, რომ არ იყო გამოყენებული 1937-38 წლის რუკა.

მაგრამ როგორც მოვუსმინე მიტროპოლიტ დავით ალავერდელს, რომელმაც თქვა, რომ სინოდმა იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საზღვარი უნდა გაივლოს 1937-38 წლის რუკის მიხედვით, როგორც ეს 1996 წლის ხელშეკრულებაშია მითითებული - უნდა გითხრათ, რომ ამ ხელშეკრულებაში ამ რუკაზე საუბარი არ არის, არის საუბარი 1938 წლის 1:500 00 რუკაზე", - თქვა ჯეჯელავამ

მისივე თქმით, მიტროპოლიტისგან ასეთი შეცდომა გაუგებარია, რადგან ჯეჯელავას შეფასებით, ის კომპეტენციის ნაკლებობას არ უჩივის.  

"ანუ ის რაც განაცხადა ალავერდელმა და რაც არის ხელშეკრულებაში, ვფიქრობ შეცდომაა. კომპეტენციის ნაკლებობა გამორიცხულია, მით უმეტეს ალავერდელთან დაკავშირებით. არ ვიცი ეს რატომ მოხდა. არ გამოვრიცხავ, და ეს არ იქნება პირველი შემთხვევა რომ განჩინებაში შეიძლება აღმოჩნდეს ისეთი ფორმულირება, რომელიც არ განხილულა სინოდზე. დაშვებულია ფაქტობრივი შეცდომა გადაწყვეტილების ზეპირი გამოცხადების დროს. ანუ ხელშეკრულების საფუძველი არ არის ის რუკა, რომელზეც არის მითითება", - განაცხადა ჯეჯელავამ.  

ცნობისთვის, მეუფე დავითმა საპატრიარქოს ტელევიზიასთან განაცხადა, რომ 200 000-იანი მასშტაბის რუკა, რომელსაც კარტოგრაფები ხარვეზიანად მიიჩნევენ და მოლაპარაკებებში გამოსაყენებლად უვარგისად თვლიან, სინოდმა საზღვრის დელიმიტაციის პროცესში მთავარ დოკუმენტად დაადგინა. 

 


close დახურვა