"ემპათიის" დირექტორი, მარიამ ჯიშკარიანი მიიჩნევს, რომ ორი მეტრი სიღრმის წყალში გიორგი შაქარაშვილი ვერ დაიხრჩობოდა.
ჯიშკარიანისთვის გაუგებარია ის ფაქტიც, რომ სწრაფ მდინარეში 4 დღის შემდეგ, გარდაცვლილი ფეხბურთელის სხეული 900 მეტრში იპოვეს.
"6 უმნიშვნელოვანეს შეკითხვაზე, რომელიც ეხება უშუალოდ სიკვდილის გარემოებას, ანუ როდის დადგა პრაქტიკულად სიკვდილი და იმყოფებოდა თუ არა 4 დღის განმავლობაში შაქარაშვილის სხეული წყალში, ამ შეკითხვებზე პასუხი პრაქტიკულად არ არის. ადამიანი 2-მეტრიან წყალში, ჯანმრთელი ადამიანი, სპორტსმენი ამ წყალში პრაქტიკულად ვერ დაიხრჩობოდა, თუნდაც არ სცოდნოდა ცურვა. რაც შეეხება მდინარის სიჩქარეს, რომელიც ძალიან ჩქარი აღმოჩნდა, გაუგებარია მაშინ 900 მეტრში როგორ იქნა გვამი აღმოჩენილი", - განაცხადა ჯიშკარიანი.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 5 პირს ბრალი დაუმძიმდა. გარდა ამისა, პროკურატურამ შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ახალი ვიდეო-რეკონსტრუქცია გაავრცელა. პროკურატურის ვერსიით, შაქარაშვილი სასტიკად სცემეს, შემდეგ კი, მდინარეში გადააგდეს.
პროკურატურის სრული განცხადება იხილეთ აქ.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს" ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.
სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.
4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.