ლუჰანსკის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი სერგეი ჰაიდაი ამბობს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტებისგან სოფელი გრეკოვკა გაათავისუფლეს.
ჰაიდაის თქმით, ახლა ოკუპანტები ემზადებიან ხანგრძლივი თავდაცვისთვის, მათ შორის ამონტაჟებენ ნაღმებს სხვადასხვა ტერიტორიებზე.
"ლუჰანსკის სოფელი გრეკოვკა გათავისუფლებულია. გრძელდება სერიოზული ბრძოლები ლუჰანსკის სხვა დასახლებული პუნქტებისთვის. ამის ფონზე რუსები მობილიზაციას აცხადებენ ლუჰანსკის სხვადასხვა რაიონებში. გაწვევის ფურცლებს ურიგებენ ყველას - სტუდენტებს, ავადმყოფებს, მოხუცებს", - ამბობს ჰაიდაი.
მისივე განცხადებით, რამდენიმე დასახლებული პუნქტი ოკუპანტებისგან უკვე გათავისუფლებულია.
5 ოქტომბერს ჰაიდაიმ თქვა, რომ ლუჰანსკის ოლქის დეოკუპაცია დაიწყო.