logo
ENG



ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რაოდენობა 350-მდე გაიზარდა

08 ოქტ 202311:44
3 წუთის საკითხავი
 
AP

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელში ჰამასის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 350-მდე გაიზარდა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე IDF-ის სპიკერმა ისაუბრა.

ამასთან, ღაზაში პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ჰამასის დარტყმების შემდეგ ისრაელის საპასუხო შეტევას, სულ მცირე, 256 პალესტინელი ემსხვერპლა - უწყების ცნობით, მათგან 20 ბავშვია. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 1 788 პალესტინელი, მათ შორის 121 ბავშვი.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ისრაელში საქართველოს ელჩი ამბობს, რომ მათი დაშავების შესახებ ცნობები არ ყოფილა - მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით მუდმივ კონტაქტზე იმყოფებიან როგორც ისრაელის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებთან, ასევე, პოლიციასთან.

ამასთან, როგორც საქართველოს საგარეომ გაავრცელა ინფორმაცია, თავდასხმის დროს ღაზას სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს 4 მოქალაქე იყო - ისინი უკვე უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილი.

გუშინ, 7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა