logo
ENG



ჰარცელი: 12 პრიორიტეტის შესრულება იქნება გზავნილი, რომ საქართველო დაბრუნდა სწორ გზაზე

14 ივლ 202211:49
3 წუთის საკითხავი
 

ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, EU-ს რეკომენდაციების შესრულება იქნება მძლავრი გზავნილი იმის შესახებ, რომ საქართველო სწორ გზაზე დაბრუნდა.

ელჩის თქმითვე, ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ქვეყნისთვის ეს ისტორიული მომენტია და საჭიროა კონკრეტული ქმედებები.

"ყველამ უნდა იფიქროს, თუ როგორ გამოიყენოს ქვეყნისთვის ხელმისაწვდომი მნიშვნელოვანი შესაძლებლობები. ევროპისკენ მიმავალი გზა დამსახურებებზე დაფუძნებულ პროცესად რჩება. ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა. საქართველომ, ისევე როგორც უკრაინამ და მოლდოვამ კონკრეტული ქმედებებით უნდა წარმოაჩინონ თავიანთი მზადყოფნა და უნარი, წაიწიონ წინ - ევროკავშირის წევრობისკენ. დასაკარგი დრო არ არის, რადგან ევროპის თვალი და ყური, ამჟამად, ამ რეგიონისკენაა მიმართული.

საქართველოსთვის გამოწვევაა, ამ 12 პრიორიტეტის რაც შეიძლება მალე შესრულება. როგორც კი ეს მოხდება, ქვეყანა ძალიან მძლავრ გზავნილს გაუგზავნის ევროკავშირს და მის ქვეყნებს, რომ საქართველო დაბრუნდა სწორ გზაზე და შესაძლებელია მასზე დაყრდნობა, წინსვლის იმედით. თვითკმაყოფილების დრო არ არის, რადგან ეს მომენტი ხელიდან არ უნდა გავუშვათ. ახლა საჭიროა მოქმედება"- აცხადებს ჰარცელი.

ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - არა. საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

კომისიის რეკომენდაციაა, რომ საქართველოს მიეცეს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც მოგვარდება სხვადასხვა პრიორიტეტული საკითხი. 

დეოლიგარქიზაცია, ინსტიტუციური გაძლიერება, ანგარიშვალდებულება, მართლმსაჯულების რეფორმა, მედიის დამოუკიდებლობა - ეს იმ ძირითადი რეკომენდაციების ნაწილია, რაც საქართველომ უნდა განახორციელოს. 


close დახურვა