logo
ENG



ჰარცელი: ფასილიტატორები ვაგრძელებთ შეთანხმების მონიტორინგს

25 ივნ 202017:46
3 წუთის საკითხავი
 

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდა  ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა.

მისი თქმით, არჩევნებამდე ჯერ კიდევ 4 თვეა დარჩენილი და შეთანხმების ფასილიტატორები მონიტორინგის პროცესს განაგრძობენ, რათა დარწმუნდნენ, რომ მისი პირობები სრულდება.

„ვფიქრობ, რომ საბოლოო ცვლილებებს მიიღებენ. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, გადავდგათ შემდეგი ნაბიჯი - მივხედოთ საარჩევნო რეფორმას, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. იმედია, აქაც შევძლებთ, ფართო ჩართულობის მოწმე გავხდეთ. იმიტომ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება 8 მარტის შეთანხმებას, ის ამ კენჭისყრაზე ხანგრძლივი მომენტია. რვა მარტს აღებული შეთანხმება ეხება ამ არჩევნებისთვის მზადებას. თუმცა, როგორც ვიცით, იქამდე კიდევ 4 თვე დარჩა. ჩვენ როგორც ფასილიტატორები ვაგრძელებთ შეთანხმების მონიტორინგს. 8 მარტის შეთანხმების დაცვა, ყველა მხარის პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა ჰარცელმა.

8 მარტის შეთანხმება: საპარლამენტო არჩევნების გამართვა 2020 წლის ოქტომბერში იგეგმება. იქამდე კი პარლამენტში კონსტიტუციაში შესატან ცვლილებეზე უნდა იმსჯელონ - კერძოდ, არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება, ხოლო ბარიერი 1%-იანი იქნება. ამის შესახებ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით, 8 მარტს შედგა.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო. სხდომას „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. მათი გადაწყვეტილების მიზეზი „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას პატიმრობაა. ოპოზიცია პროცესში ჩართვას იქამდე არ აპირებს, სანამ რურუა არ გათავისუფლდება.

გიორგი რურუას საქმე: შეგახსენებთ, გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. დღემდე ადვოკატებმა რურუას გათავისუფლება რამდენჯერმე მოითხოვეს, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარი შუამდგომლობა არცერთ შემთხვევაში არ დააკმაყოფილა.

მიუხედავად ოპოზიციის, სენატორებისა და ევროპარლამენტარის მოწოდებისა, მმართველი გუნდი არ აღიარებს, რომ შეთანხმებაში პატიმრების შეწყალებაზე იყო საუბარი და აცხადებს, რომ ზოგადად, ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან.


close დახურვა