"ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელმაც ბოლო წლებში მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ცა გაგვეხსნა", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, 2012 წლამდე ქართული ცა "მონოპოლიზირებული" იყო და 30-მდე კომპანია დაფრინავდა, "ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი, ავიაკომპანიების რაოდენობა გაორმაგდა.
"შემოვიყვანეთ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები. ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ შევინარჩუნოთ ეს ღია ცის პოლიტიკა და შესაძლებლობა, რომ მოსახლეობამ იფრინოს თავისუფლად, მათ შორის ხელმისაწვდომი ფასებით, მაგრამ დღეს, პირველ რიგში, უნდა დავიცვათ მთავარი მიღწევა - ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოება ჯანდაცვის თვალსაზრისით", - განაცხადა თურნავამ.
რაც შეეხება კითხვას, როდის მოხდება რეგულარული ავიარეისების აღდგენა, მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს მსოფლიოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული.
"თანდათან თქვენ ხედავთ, რომ ჩვენ ვზრდით ფრენების არეალს. მაგალითად სექტემბერში უკვე 70 ფრენა არის დადასტურებული, რაც ჯერადობით მეტია, ვიდრე წინა თვეებში, როდესაც საერთოდ იყო სრული შეზღუდვა. აქედან 30-მდე არის რეგულარული საჰაერო ფრენა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ თანდათან, ეტაპობრივად მოგვეცემა საშუალება, რომ გავზარდოთ ფრენები იმის პარალელურად, თუ მოგვარდება ეპიდემიოლოგიური ვითარება მსოფლიოში", - განაცხადა ნათია თურნავამ.
კორონავირუსის პანდემიის გამო, რეგულარული ფრენები მარტის ბოლოდან შეწყდა. ამ დროისათვის საქართველოდან ფრენები გერმანიასთან, საფრანგეთთან და ლატვიასთან სრულდება. სხვა ქვეყნებთან სრულდება მხოლოდ ჩარტერული რეისები, რომლებსაც ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეები ჩამოჰყავს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ოქტომბრამდე არ აღდგება. ოპოზიცია ხელისუფლებას ფრენებზე დაწესებული შეზღუდვების და საქართველოს მოქალაქეებისთვის მკაცრი საკარანტინო ზომების გამო აკრიტიკებს.