ევროკავშირი გააგრძელებს ყველა ძალისხმევას, რათა საქართველოს მოსახლეობისთვის უზრუნველყოფილი იყოს დემოკრატიული, სტაბილური და ევროპული მომავალი. ჩვენ კვლავაც მოვუწოდებთ საქართველოში ყველა პოლიტიკურ აქტორს, იმუშაონ ამ მიზნის მისაღწევად.
საქართველოში ბოლოდროინდელ ნეგატიურ მოვლენებთან დაკავშირებით ევროკავშირმა მკაფიო რეაგირება მოახდინა და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, გაათავისუფლოს ყველა ჟურნალისტი, აქტივისტი და უსამართლოდ დაკავებული პირი. ჩვენ გამოვხატეთ შეშფოთება საარჩევნო დარღვევებთან, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობასთან, რეპრესიული კანონმდებლობის მიღებასთან და მართლმსაჯულების სისტემის რეპრესიის ინსტრუმენტად გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს ქმედებები ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს.
მიმდინარე მოვლენებზე საპასუხოდ, კომისიამ მიიღო შესაბამისი ზომები, მათ შორის, საქართველოს ხელისუფლებისთვის ორმხრივი ფინანსური დახმარების შეჩერება და პოლიტიკური კონტაქტების დაქვეითება. გარდა ამისა, კომისიის წინადადების საფუძველზე, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთან ვიზის გამარტივების შეთანხმების ნაწილობრივი შეჩერების შესახებ, რაც ეხება საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია, როგორც ეს ევროპულმა საბჭომ უკვე დაასკვნა 2024 წლის ივნისსა და ოქტომბერში.
ვიზის შეჩერების მექანიზმის ბოლო ანგარიშში, რომელიც 2025 წლის 19 დეკემბერს გამოქვეყნდა, კომისიამ დაასკვნა, რომ საქართველომ უკუსვლა განიცადა მმართველობის, კანონის უზენაესობის, სავიზო პოლიტიკის შესაბამისობისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით არსებულ ძირითად კრიტერიუმებთან დაკავშირებით, რაც უვიზო მიმოსვლის საფუძველს წარმოადგენს. ამ უკუსვლის სისტემური და მიზანმიმართული ხასიათის გათვალისწინებით, კომისიამ დაიწყო დამატებითი ზომების პროცედურა განახლებული ვიზის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში. ახალი წესების მიხედვით, პირველ ეტაპზე ვიზის შეჩერება შეეხება დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ამ გადაწყვეტილების ერთგვაროვანი განხორციელება ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში. მეორე ეტაპზე, თუ პრობლემები არ მოგვარდება, შეჩერება შესაძლოა გავრცელდეს მთლიან მოსახლეობაზე.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები განიხილავენ საქართველოში შესაძლო დამატებით ზომებს. მიუხედავად იმისა, რომ სანქციებზე შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის, გრძელდება განხილვა იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხზე, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე. ევროკავშირის სანქციებთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება საბჭოში წევრი სახელმწიფოების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მიიღება.
ევროკავშირი კვლავ ერთგულია საქართველოში დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერის. დარწმუნებული იყავით, რომ ევროკავშირი მტკიცედ დგას ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლის მისწრაფებების გვერდით.
ნათქვამია ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის წერილში, რომელსაც „ევროსკოპი“ ავრცელებს.