ეს კვირა დაიწყო და დასრულდა ტრაგიკულად. მე ვნანობ, რომ მთელი კვირის განმავლობაში ჩვენ შევედით სახლებში, დავუბრუნდით ჩვენს სტუდიებს, იქიდან გაგვყავდა ეთერი, გვეძინა სახლებში, ვიყავით შვილებთან ერთად - არა! ჩვენ ეს 1 კვირა დავკარგეთ, ჩვენ ამ 1 კვირის განმავლობაში აქ უნდა ვმდგარიყავით თითოეული ჩვენი გალახული, შეურაცხყოფილი ჟურნალისტის უფლებების დასაცავად.
რატომ გვჭირდება ჩვენ ყოველთვის მსხვერპლი იმისთვის, რომ დავინახოთ, რა არის სწორი, რა არის მრუდე, რა არის სიმართლე და სად არის ტყუილი? ჩვენ ხომ ვერ დავინახეთ ამ ერთი კვირის განმავლობაში ვერც ერთი რეალურად დასჯილი დამნაშავე, ჩვენ ვერ დავინახეთ ხელისუფლების მიერ აღებული პასუხისმგებლობა. მედიის ხელყოფა არავის არ შერჩენია, ეს მხოლოდ იწვევს ერთ რამეს - მედია გამოდის თავისი მთავარი გამშუქებლის ფუნქციიდან და იკავებს ფრონტის წინა ხაზს, ხოლო როგორ მთავრდება ეს, ყველას კარგად უნდა ესმოდეს. ამიტომ, მოემზადეთ გადამწყვეტი ბრძოლისთვის.
თქვა პალიტრანიუსის ჟურნალისტმა ემა ტუხიაშვილმა რუსთაველის გამზირზე სიტყვით გამოვლისას. ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს სასტიკად სცემეს, დღეს გარდაიცვალა.