logo
ENG


ბესელია: არ მაქვს შურისძიების გრძნობა ციხეში მყოფი მოშიმშილე სააკაშვილის მიმართ
ეკა ბესელია
14 ოქტ, 2021 12:28
ბესელია: არ მაქვს შურისძიების გრძნობა ციხეში მყოფი მოშიმშილე სააკაშვილის მიმართ
  • 1347ნახვები

მე მომწონს ეს შინაგანი თავისუფლება, რომელიც წლების ბრძოლით მოვიპოვე და ასევე ბრძოლით შევინარჩუნე და ამიტომაც დავწერ ისე, როგორც ვფიქრობ სააკაშვილზე...

რასაკვირველია, მახსოვს როგორი ტანჯვის გზა გამატარა, როდესაც ჩემი უდაშაულო ძმა და სკოლის მოსწავლე შვილი დააპატიმრა და ჩემთან შურისძიების გამო - მძევლად ამყოფა... მთელი ორი წელი გაგრძელდა ჩემი და ჩემი ოჯახის ენით აღუწერელი წამება... და ჩემი დასჯა გადაწყვიტა მან და მერაბიშვილმა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემს პროფესიაზე უარი ვთქვი დროებით და ქუჩაში გამოვედი თავისუფლების და სამართლიანობისთვი.

მე პირადად არანაირი პრობლემა არ მქონდა იმათგან განსხვავებით, ვისაც, როცა შეეხნენ, მაშინ ამოიღეს ხმა. მე სხვათა დასაცავად გამოვედი ქუჩაში და ამის მერე შური ჩემს ოჯახზე იძია და ამით დამსაჯა, მაგრამ ვერ გაგვტეხა. ერთი დღე არ შეგვიწყვეტია ბრძოლა და არც კომპრომისზე წავსულვართ!

ვიდექი წლები ტყვიების ზუზუნში, ყველა დარბევის დროს, სიცივესა თუ უიმედობაში, მაგრამ ფეხი არ მომიცვლია. არ შემშინებია. სასტიკად გამომცადა იმ ხელისუფლებამ!

ბიძინამ რომ მთხოვა - მჭირდები და ერთად ვიბრძოლოთო, პირველი, რაც ვუთხარი: მე მხოლოდ სამართლიანობისთვის ვიბრძვი და თავისუფალი სასამართლო უნდა იყოს ამ ქვეყანაში, როცა მოხვალთქო! იგივე გზას დაადგა თავადაც და ოცნებაც და რასაკვირველია, უარი ვთქვი მათზეც და ყველაფერზე. ამათაც სასტიკად გამომცადეს.

მორალური ზღვარი წაიშალა. დღეს სააკაშვილს ისინი ამუნათებენ ყველაზე მეტად, ვინც ბრძოლაში არ მინახავს და ზარქუები, კობახიძე-მათიკაშვილები ისე იმალებოდნენ, საკუთარ თავს ვერ პოულობდნენ.

ხელისუფლებაში 7 წელი თანამდებობაც მქონდა და გავლენაც და არასოდეს, არასოდეს მიცდია ჩემი ოჯახის ამწიოკებელ დავალების შემსრულებელ გამომძიებელ, პროკურორ, მოსამართლეებს (ღირსნი კი იყვნენ) მივბრუნებოდი და პასუხი მომეთხოვა. არ მივეცი ჩემს თავს ამის უფლება ჩემი შინაგანი ეთიკის გამო. არც შურისძიება შემიძლია. და აღმოვაჩინე ისევ, ჩემს თავში, რომ მიუხედავად იმისა, არასოდეს დამავიწყდება ის სისასტიკე, რაც ჩაიდინეს ჩემს მიმართ, არა მაქვს შურისძიების გრძნობა ციხეში მყოფი მოშიმშილე სააკაშვილის მიმართ!

ნურავინ დამიწყებთ აქ მორალისტობას, განსაკუთრებით ისინი, მეასედი რომ არ გაგივლიათ იმ განსაცდელის და ტკივილის, რაც გავიარე! მე ჩემს თავში აღმოჩენილი შინაგანი ემპათია და ადამიანური განცდა მომეწონა სიკვდილის წინაშე მყოფი, თუნდაც ჩემთვის ყველაზე მიუღებელი ადამიანის მიმართ რომ გამაჩნია ! არ მომეწონებოდა ეს რომ არ დამენახა და არ ვაპირებ კეკლუცობას ამ თემაზე! მზარავს ის ადამიანები, რომლებიც ქირქილებენ სხვის განსაცდელზე და სიცოცხლეზე! არაფერი მოუცია უფალს სიცოცხლეზე დიდი და თუ შენდობაც და მიტევებაც შეძელი - თავად ხარ ადამიანი.

წერს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ეკა ბესელია მიხეილ სააკაშვილზე. სააკაშვილი პროტესტის ნიშნად მე-14 დღეა, შიმშილობს.



ასევე ნახეთ
close დახურვა