logo
ENG


ჩვენ ყველას შეგვაქვს წვლილი გამარჯვებაში, რასაც აუცილებლად მივაღწევთ - ზელენსკის მიმართვა
  • 521ნახვები

ორშაბათი. აი საღამოს კიევია, ჩვენი ოფისი. იცით, ჩვენ ვამბობდით ხოლმე: ორშაბათი რთული დღეა. ახლა ომია ქვეყანაში, ასე რომ ყოველი დღე ორშაბათია. და ახლა ჩვენ შევეგუეთ ფაქტს, რომ ყოველ დღე და ყოველ ღამე ასეა.

დღეს მეთორმეტე დღეა, ჩვენი ბრძოლის მეთორმეტე დღე. ჩვენი თავდაცვა. ჩვენ ყველა ადგილზე ვართ, ყველა ვმუშაობთ. ყველა იქაა, სადაც უნდა იყოს. მე კიევში ვარ. ჩემი გუნდი ჩემთან ერთადაა. ტერიტორიული დაცვის სამსახური ადგილზეა. ჯარისკაცები პოზიციებზე არიან. ჩვენი გმირები! ექიმები, მაშველები, მძღოლები, დიპლომატები, ჟურნალისტები. ყველა.

ჩვენ ყველა ომში ვართ. ჩვენ ყველას შეგვაქვს წვლილი ჩვენს გამარჯვებაში, რაც აუცილებლად მიიღწევა იარაღით და ჩვენი არმიით, ჩვენი სიტყვებით და ჩვენი დიპლომატიით. ჩვენი სულის ძალით, რაც ერთს, მეორეს და ყველა ჩვენგანს აქვს.

შეხედეთ ჩვენს ქვეყანას დღეს. ჩაპლინკა, მელიტოპოლი, ტოკმაკი, ნოვოტროიცკე და ხერსონი, სტარობილსკი. ყველგან ხალხმა დაიცვა საკუთარი თავი, მიუხედავად იმისა, რომ მათ იარაღი არ აქვთ. მაგრამ ეს ჩვენი ხალხია და შესაბამისად მათ იარაღიც აქვთ. მათ აქვთ გამბედაობა. ღირსება და ძალა, რომ გავიდნენ და თქვან: მე აქ ვარ, ეს ჩემია და არ დავთმობ. ჩემი ქალაქი, ჩემი თემი, ჩემი უკრაინა.

ყველა უკრაინელი კაცი და ქალი, ვინც გუშინ და დღეს ოკუპანტების წინააღმდეგ გააპროტესტა და ხვალაც გააპროტესტებს არის გმირი.

ჩვენ ვუყვირით ოკუპანტებს თქვენთან ერთად. ჩვენ ვდგავართ მოედნებსა და ქუჩებში თქვენთან ერთად. თქვენთან ერთად ჩვენ არ გვეშინია, მაშინ როცა ოკუპანტები ცეცხლს ხსნიან და ყველას გაყრას ცდილობენ. თქვენ უკან არ იხევთ, ჩვენ უკან არ ვიხევთ.

ის, ვინც იმეორებდა: "ჩვენ ერთი ხალხი ვართ" - ნამდვილად არ ელოდა ასეთ ძლიერ რეაქციას. ჩვენი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ისეთი ეროვნული მოძრაობა გამოჩნდა, უკრაინელობის ისეთი ძლიერი მანიფესტაცია, როგორიც არასდროს გვინახავს ამ ქუჩებსა და მოედნებზე. და ეს რუსეთისთვის კოშმარია.

მათ [რუსეთს] დაავიწყდათ, რომ ჩვენ არ გვეშინია პოლიციის მანქანებისა და  ხელკეტების. არ გვეშინია ტანკებისა და ავტომატური იარაღების, მაშინ როცა ჩვენს მხარეს მთავარი რამ, სიმართლეა, ისევე როგორც ახლა.

მარიუპოლი და ხარკოვი, ჩერნიგოვი და სუმი, ოდესა და კიევი, მიკოლაივი, ჟიტომირი და კოროსტენი, ოვრიჩი და ბევრი სხვა ქალაქი. ჩვენ ვიცით, რომ ის სიძულვილი, რაც მტერმა ჩვენს ქალაქებს ბომბებითა და ჭურვებით მოუტანა, იქ არ დარჩება. იქ მათი კვალიც არ დარჩება. ეს სიძულვილი ჩვენზე არაა. შესაბამისად, მტრის კვალიც არ დარჩება. ჩვენ ყველაფერს ხელახლა ავაშენებთ. ოკუპანტების მიერ დანგრეულ ჩვენს ქალაქებს იმაზე უკეთესად ვაქცევთ, ვიდრე რუსეთის ნებისმიერი ქალაქია.

ენერგოდარი, ჩერნობილი და სხვა ადგილები, სადაც ბარბაროსებს უბრალოდ არ ესმით, რისი დაპყრობა სურთ, რისი კონტროლი უნდათ. თქვენი მუშაობა, თქვენი მძლავრი მუშაობა ყველაზე მნიშვნელოვან ობიექტებზე ნამდვილად საგმირო საქმეა და ჩვენ ამას ვხედავთ და ჩვენ გულწრფელად მადლიერი ვართ ამისთვის.

უკრაინული ჯარი ინარჩუნებს პოზიციებს. ყოჩაღ! ეს მტრისთვის განსაკუთრებულად მტკივნეულ მარცხს იწვევს. ვიცავთ, საპასუხო დარტყმებს ვაყენებთ. თუ საჭიროა შურსაც ვიძიებთ. აუცილებლად. ყველა ბოროტებისთვის. ყველა რაკეტისა და ბომბისთვის, ყველა განადგურებული სამოქალაქო ობიექტისთვის.

დღეს მაკაროვში, კიევის რეგიონში მათ ცეცხლი გაუხსნეს პურის ქარხანას. რისთვის? ძველი პურის ქარხანა. დაფიქრდით - ცეცხლის გახსნა პურის ქარხნისთვის. ვინ უნდა იყო ასეთი რამ რომ ჩაიდინო? ან გაანადგურო კიდევ ერთი ეკლესია ჟიტომორის რეგიონში. ღვთისმშობლის შობის ტაძარი, რომელიც 1862 წელს აშენდა.

ესენი ადამიანები არ არიან.

იყო შეთანხმება ჰუმანიტარულ დერეფნებზე. იმუშავა ამან? მათ ნაცვლად რუსული ტანკები მუშაობდნენ. რუსული "გრადები", რუსული ნაღმები. მათ დანაღმეს გზა, რომელზეც მარიუპოლის ხალხისა და ბავშვებისთვის საჭმლისა და წამლების ტრანსპორტირება იყო შეთანხმებული.

მათ ავტობუსებიც გაანადგურეს, რომლებიც ხალხის გამოსაყვანადაა. მაგრამ... იმავდროულად, ისინი ხსნიან პატარა კორიდორებს ოკუპირებული ტერიტორიებისკენ რამდენიმე ათეული ადამიანისთვის. არა მაინცდამაინც რუსეთისკენ, არამედ უფრო მეტად პროპაგანდისტებისკენ, პირდაპირ მათი სატელევიზორო კამერებისკენ. თითქოს ისაა, ვინც გადაარჩენს ადამიანებს. ეს ცინიზმია, უბრალოდ პროპაგანდაა. მეტი არაფერი. არანაირი ჰუმანიტარული შეგრძნებები.

ბელარუსში მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართა. მე მინდა ვთქვა, რომ მესამე და ბოლოა. თუმცა ჩვენ რეალისტები ვართ, ამიტომ ვისაუბრებთ. ჩვენ მოვითხოვთ მოლაპარაკებებს, მანამ, სანამ ჩვენ ვიპოვით გზას, რომ ჩვენს ხალხს ვუთხრათ "ესაა გზა რომლითაც მშვიდობამდე მივალთ". ზუსტად მშვიდობამდე.

ჩვენ ეს ბრძოლა ყოველ დღე უნდა გავიაზროთ, გამძლეობის ყოველი დღე ჩვენთვის უკეთეს პირობებს ქმნის. ძლიერ პოზიციას, რომელიც მომავლის გარანტიაა. მშვიდობის, ამ ომის შემდეგ.

დაღუპული ხალხისა და განადგურებული ქალაქების გარდა, ომი ტოვებს განადგურებულ მისწრაფებებს, რაც ოდესღაც მნიშვნელოვანი ჩანდა, მაგრამ ახლა... თქვენ აღარც კი ახსენებთ მათ.

ჩვენ ვოცნებობთ ბანკოვაში დაბრუნებაზე, ხელისუფლებასა და პარლამენტთან ერთად. რათა გავათავისუფლოთ კიევის ცენტრი და ზოგადად - გადავიდეთ თანამედროვე, გამჭვირვალე ოფისზე, როგორც შეეფერება პროგრესულ დემოკრატიულ ევროპულ ქვეყანას.

ახლა მე ვიტყვი ერთ რამეს: მე აქ ვრჩები. მე კიევში ვრჩები. ბანკოვის ქუჩაზე. მე არ ვიმალები. მე არავისი მეშინია. მე ყველაფერს გავაკეთებ, რაც საჭირო იქნება ამ პატრიოტული ომის მოგებისთვის.

დღეს მე ხელი მოვაწერე განკარგულებას, რომლითაც სახელმწიფო ჯილდო გადაეცემა 96 უკრაინელ გმირს- ჩვენს სამხედროებს.

მათ შორის ბოგდან ხმელნიცკის მეორე ხარისხის ორდენი გადაეცემა მაიორ ოლექსანდრ ოლექსანდრეს ძე საკს. მექანიკური ბატალიონის მეთაურს, რომელიც მტრის ტაქტიკური ჯგუფის ბატალიონს შეერკინა და ბრძოლისადმი რაციონალური მიდგომითა და არასტანდარტული ტაქტიკების დამსახურებით გაიმარჯვა.

კაპიტანი როსტისლავ ოლექსანდრეს ძე სილივაკინი. მექანიკური ბატალიონის მეთაური, რომელიც წარმატებით შეებრძოლა მტრის უზარმაზარ ძალას და გაათავისუფლა უკრაინული ქალაქები დ სოფლები სუმის რეგიონში.

ბოგდან ხმელნიცკის მესამე ხარისხის ორდენი: იგორ სერგეის ძე ლოზოვს. თავის ჯგუფთან ერთად მტრის ტრანსპორტი შეაჩერა, დაახლოებით 150 ერთეული, რომელიც გადაადგილებოდა ჟიტომირ-კიევის გზაზე. გაანადგურეს.

ლეიტენანტ ვიტალი ვიქტორის ძე პოტურემეტს. მან აჩვენა სამაგალითო სიმამაცე და სიმშვიდე ბრძოლაში, გაანადგურა მტრის შეიარაღება ქალაქ კიევის სიახლოვეს. ის დაიჭრა.

სიმამაცის მესამე ხარისხის ორდენი გადაეცემა მასტერ სერჟანტს, საავტომობილო ოცეულის მეთაურს ველანტინ ვიქტორის ძე ბარილიუკს. მისი მამაცური ქმედებების და პირადი გამბედაობის დამსახურებით, სატანკო დანაყოფმა საწვავი დროულად მიიღო და გაარღვია ალყა, გზად მტერი გაანადგურა.

თითოეული 96 გმირი ამ ხუთს ჰგავს. ჩვენ მადლობას ვუხდით ყველა ჩვენს სამხედროს. ჩვენ მადლობას ვუხდით უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. ჩვენი მადლიერება უსაზღვროა.

დიდება უკრაინას.

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა 7 მარტის ვიდეომიმართვაში.

 


ასევე ნახეთ
close დახურვა