logo
ENG


ივანიშვილის პროპაგანდისტი: ამერიკელებს უნდათ ჩვენი დასჯა, მეორე ფრონტის გახსნა უნდათ
  • 1280ნახვები

დღესავით ნათელია, რა დგას [ევროპარლამენტის რეზოლუციის] უკან ... დიდი ძალისხმევის, შანტაჟისა და ზეწოლის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება არ ჩაერთო ომში და ამისათვის უნდა დაისაჯოს. ამერიკელებს უნდათ ჩვენი დასჯა და ყველამ კარგად იცის, რომ ევროპის რესურსი, მათ წინააღმდეგობა გაუწიოს, სრულიად ნულოვანია.

სააკაშვილი რომ კრიმინალია და მისთვის ის მისჯილი 6 წელიც არაფერია, ამერიკელებმა ჩვენზე უკეთ იციან. თუმცა, ხვდებიან, რომ საქართველოში ომის დაწყებისთვის სააკაშვილის განთავისუფლება საუკეთესო ნიადაგს შექმნიდა. ომის პარტიას ომის ტელევიზიაც ჭირდება და რადგან ომის პროპაგანდას გვარამიაზე უკეთ ვერავინ გაართმევს თავს, მის გაშვებასაც ამიტომ ითხოვენ. პრაიდის ჩატარებაც როგორც შარშან, ისე წელს და გაისად იმიტომ უნდათ, რომ ამით საზოგადოება გახლიჩონ და მღელვარების ახალი ტალღა შექმნან.

...ამერიკელები საქართველოს ფულს რომ აძლევდნენ, ამ ფულის წართმევით დაგვაშანტაჟებდნენ. თუმცა, ფულს არ გვაძლევენ და შესაბამისად, შანტაჟისთვის ახალი ხრიკის მოფიქრება – კანდიდატის სტატუსი დასჭირდათ. კანდიდატის სტატუსი რომც მოგვცენ, ისეთ პირობებს მიაბამენ, რომელთაგან უკლებლივ ყველა სახელმწიფო სუვერენიტეტის დათმობის, ხელისუფლების ცვლილებისა და ნაცმოძრაობის დაბრუნებისკენ იქნება მიმართული. ეს ყველაფერი რამდენიმე დღის წინ სალომე სამადაშვილს საჯაროდ წამოცდა კიდეც.
 
მოკლედ რომ შევაჯამო, ამერიკელებს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა იმდენად უნდათ, რომ ამისათვის უკვე ყველაფერს კადრულობენ. თუმცა, კიდევ ერთხელ გამოვთქვამ რწმენას, რომ ეს მცდელობები ვერავითარ შედეგს ვერ გამოიღებს და ხელისუფლება საქართველოს დამღუპველ ომში არასოდეს ჩართავს. მეგობრისთვის თავიც შეიძლება გაწირო, თუმცა, მეგობარი, რომელიც შენგან თავის გაწირვას მოითხოვს, მეგობარი არცაა. აქედან გამომდინარე, ამერიკელებს საქართველოსთვის მორალურად შემოსადავებელი არაფერი აქვთ.

ამბობს ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდისტი ზაზა შათირიშვილი, მის კომენტარს სამთავრობო მედია ავრცელებს.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა