logo
ENG


შენგელია მასალებზე: ამას შესწირეს ადამიანის სიცოცხლე და ვინ იცის რამდენის ჯანმრთელობა
  • 275ნახვები

აღარც ვიცი რა ვთქვა და რა დავწერო ე.წ. მამხილებელ დოკუმენტებზე, რომლებიც საერთაშორისო გამჭვირვალობამ და სამართლიანმა არჩევნებმა გამოაქვეყნეს. ამ ყველაფერზე სამ წელიწადზე მეტია ვსაუბრობ, უამრავი მტკიცებულება მაქვს წარდგენილი, რომლიც ამ ხელისუფლების დანაშაულებრივ სქემას ამხელს, თუმცა ჩემთვის მაინც მძიმე იყო ამ ჩანაწერების წაკითხვა.

ზუსტად ასეთი ჩანაწერების გამო მიიყვანეს ია სიკვდილამდე - "პარტიის მოსაზრება" უარყოფითი. სწორედ ამ საკრალურ ჩანაწერს შესწირეს ადამიანის სიცოცხლე და ვინ იცის რამდენი ადამიანის ჯანმრთელობა, ან კეთილდღეობა. აი ამ დამნაშავე ხელისუფლებისგან ველოდებით ჩვენ ხან რაღაც პუნქტების შესრულებას, ხან სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, ხან კიდევ სასამართლო რეფორმის განხორციელებას. განა ჩვენც ნორმალურები ვართ?!

ამ ყველაფრის ავტორი და შემსრულებელი უნდა დაისაჯოს უმკაცრესად, თუ გვინდა, რომ ოდესმე ჩვენ სახელმწიფო გვქონდეს. თითოეული მეილის ავტორი და ადრესატი. სხვათა შორის ერთ-ერთი მთავარი ადრესატი ალექსანდრე ხოჯევანიშვილია, რომელიც კრიმინალი გახარიას მარჯვენა ხელი იყო და რომლის ძმა ახლა გახარიას პარტიის სახეა. ეს მათ გასაგონად, ვინც ამ ხალხს ოპოზიციად მიიჩნევს ან პოლიტიკურ კოალიციაშია ამ ნაძირლებთან. მიუხედავად იმისა, რომ არანაირი პოზიტიური მოლოდინი არ მაქვს ამ ხელისუფლებისგან და მისი პროკურატურისგან, დასკვნის დეტალურად გაცნობის შემდეგ აუცილებლად მიმართავ პროკურატურას ახლად გამოვლენილი გარემოების გამო გამოძიების განახლების მოთხოვნით. ეს როგორც იტყვიან, ოქმისთვის, დანარჩენს დრო გვანახებს.

პ.ს. ვისაც ჰქონია, რომ ეს იას საქმეზე ჩადენილი დანაშაული ვინმეს შერჩება, ძალიან ცდებით. როგორც ხედავთ ხელისუფლების მიერვე შექმნილი მტკიცებულებები და ჩანაწერები არსებობს, თან დარწმუნებული ვარ ეს ზღვაში წვეთია. ურმით, მაგრამ აუცილებლად მოვა, დაელოდეთ.

წერს ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია Facebook-ზე. არასამთავრობო ორგანიზაციებმა სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის მიერ მიწოდებული მასალა გამოაქვეყნეს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა მმართველი პარტიის სასარგებლოდ არაკანონიერი გზებით ამომრჩევლის ხმების მობილიზების მასშტაბური სქემა, რომლითაც მაღალი ალბათობით დასტურდება სახელმწიფო უწყებების, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოები, საარჩევნო და პარტიული მიზნებით გამოყენება.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა