logo
ENG


გვარამია: დაეხმარეთ მთავარ არხს, ამას გთხოვთ ჩვენი სამშობლოს ევროპული მომავლის სახელით
  • 1063ნახვები

მთვაარარხელებო, ბიჭებო და გოგოებო, დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ, ცხადია ჩემი პირადი მხარდაჭერა იგულისხმება, მაგრამ ბევრად მნიშვნელოვანიც. მორალური პრეცენდენტი, რომელსაც საკუთარი მაგალითით ამკვიდრებთ და აჩვენებთ ყველას. გაძლება და თან ღირსეული გაძლება ყველაზე მეტად იმას ჰქვია, რასაც თქვენ აკეთებთ. თავდადება და ბრძოლა ყველაზე მეტად იმას ჰქვია, რასაც თქვენ აკეთებთ, ერთგულება და სიყვარული ყველაზე მეტად იმას ჰქვია, რასაც თქვენ აკეთებთ.

მე თავს კარგად ვგრძნობ, ჩემზე არ იდარდოთ. არხს მიხედეთ. დასავლური ფრონტის მთავარი ხაზი ახლა მთავარის ყოფნა-არყოფნაზე გადის და არა ჩემს გათავისუფლებაზე, როგორც ბევრი მცდარად მიიჩნევს. არხი უნდა გადარჩეს, სხვა გზა არ გვაქვს. არხი უნდა გადარჩეს. ამას თქვენს გასაგონად არ ვამბობ, თქვენ ამის შეხსენება არ გჭირდებათ. ამას ყველას გასაგონად ვამბობ, ვისაც არხის გადარჩენა ხელეწიფება. თუ რამე მიზნის ირგვლივ არის გაერთიანება საჭირო და აუცილებელი, ეს მთავარი არხის გადარჩენაა.

ძალიან გთხოვთ ყველას, დაეხმარეთ მთავარს. იმათაც, ვისაც პირადად ჩემი გულშემატკივრობა ამოძრავებს, ვეტყვი, რომ ამ გულშემატკივრობის მთავარი ფორმა მთავარი არხის დახმარებაა.

დაეხმარეთ მთავარს, ამას გთხოვთ ჩემი და ჩემი ოჯახის სახელით. გადაარჩინეთ მთავარი, ამას გთხოვთ ჩვენი სამშობლოს ევროპული მომავლის სახელით - გინდა 1 ლარით, გინდა მრავალათასიანი გრანტით. გინდა ღარიბმა, გინდა მდიდარმა. გინდა ქართველმა, გინდა უცხოელმა. გინდა ადამიანმა, გინდა ორგანიზაციამ. გინდა შემოწირულობით, გინდა რეკლამით. დაეხმარეთ მთავარ არხს, დაეხმარეთ მთავარს - ჩვენს თავისუფლებას, გთხოვთ უმორჩილესად.

წერს პატიმრობაში მყოფი მთავარი არხის დამფუძნებელი ნიკა გვარამია წერილში.



ასევე ნახეთ
close დახურვა