logo
ENG


ბოჭორიშვილი: საქართველოს სტრატეგიული მიზანი აქციეთ "მოლოტოვის კოქტეილად"
  • 535ნახვები

არ წყდება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხის გამოყენება ხელისუფლებისთვის ბრძოლის ინსტრუმენტად ე.წ. პოლიტიკოსების ნაწილის და ე.წ. აქტივისტების მხრიდან. საქართველოს სტრატეგიული მიზანი, რომელიც 2018 წელს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გავამყარეთ, რომელსაც მოსახლეობის 80%-ზე მეტი ემხრობა, რომელიც წესით პოლიტიკურ სპექტრს ევროპული იდეის გარშემო უნდა აერთიანებდეს, აქციეთ "მოლოტოვის კოქტეილად".

საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, თავისუფლების, ტერიტორიული მთლიანობის ხელმყოფი ჩრდილოელი მეზობელი, წესით, ქვეყნის გადარჩენისთვის ბრძოლაში რომ უნდა გვაერთიანებდეს, აქციეთ ყველაზე გაუფასურებულ იარლიყად და ყველაფერს დაარქვით რუსული. სინამდვილეში, არც რუსული კანონები არსებობს, რომელსაც საქართველოს პარლამენტი იღებს, არც რუსული ხელისუფლება, როგორც ამას ცდილობთ, რომ წარმოაჩინოთ, არც რუსული ოცნება, რომელზეც ალბათ, თქვენ ოცნებობთ და არც საკნის ნაცვლად, საავადმყოფოში განთავსებული სააკაშვილი არის პუტინის პატიმარი.

სინამდვილეში არსებობს რუსული მიზანი, რომელსაც ზოგი შეგნებულად, ზოგიც ალბათ გაუცნობიერებლად ერთგულად ემსახურებით. ვის ინტერესში შეიძლება შედიოდეს დღეს, თუ არა მტრის, საქართველოს წარმოჩენა უკრაინის მოწინააღმდეგედ და რუსეთის მოკავშირედ? ამას თქვენ აკეთებთ, მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი უკრაინის პოლიტიკურად მხარდასაჭერად და უკრაინელი ხალხის გვერდში დასადგომად, მიუხედავად არაერთი უსაფუძვლო ბრალდებისა და არაერთი მძიმე განცხადებისა.

განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა