logo
ENG


ზურაბიშვილი: ვწუხვარ, 9 აპრილს მიწევს დაცვა, რომ ჩვენი უალტერნატივო მომავალი ევროპაა
  • 724ნახვები

ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს ვიღაცებმა გაავრცელეს, რომ თურმე აქ მე პარტიას ვაშენებდი, დაავიწყდათ, რომ 71 წლის გავხდი, ან რაღაც მოძრაობას. მოძრაობა თუ იქნება ეს იქნება თქვენი მოძრაობა, იმიტომ, რომ მომავალი არის თქვენი და თქვენი შვილების. მე ვიქნები იქ, სადაც ვიყავი ყოველთვის, არც ორიენტაცია შემიცვლია, სხვათა შორის. მაგრამ, დრო არის იმის, რომ ჩვენ ერთად ვიყოთ და ვთქვათ არა დაყოფაზე.

ვწუხვარ, რომ დღეს ვიღაცები აქ არ მოუშვეს და თქვეს, რომ სასურველი თურმე არ იყო აქ ყოფნა. როგორ არ არის სასურველი აქ ყოფნა, როცა ჩვენ ვზეიმობთ 9 აპრილს, ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთ მთავარ თარიღს და როცა პრეზიდენტი იწვევს სწორედ არა პარტიულად, არა მიკერძოებულად, არამედ ყველას, იმისთვის რომ ეს თარიღი მაინც იყოს ჩვენი ეროვნული გაერთიანების ერთი თარიღი. ჩვენ თუ ავაშენებთ, ჩვენ ერთიანობას ამდენ თარიღზე, შეიძლება, რაღაცას მივაღწიოთ კიდევაც.

იმაზედაც ვწუხვარ, რომ 9 აპრილს მიწევს იმის დაცვა, რომ ჩვენი ერთადერთი და უალტერნატივო მომავალი არის ევროპა, აბა სხვა რა? ჩექმა გვინდა? ნიჩბები გვინდა? თუ არ გვახსოვს ჩვენი ისტორია? ჩვენ კარგად ვიცით, რა გვინდა, რა სჭირდება ამ ქვეყანას, სხვა ალტერნატივა არ გვაქვს, თუ არა ნელ-ნელა აქედან ფეხით ირჩევენ და წასვლით ირჩევენ ევროპას.

მე მინდა, რომ აქ ამოირჩიონ ევროპა, აქ მივიღოთ ევროპიდან ის, რაც გვინდა, ის რაც წარმოადგენს ჩვენი იდენტობისთვის გაძლიერებას და აქ გახდეს საქართველო ევროპული სახელმწიფო. უნდა შევძლოთ საერთო ინტერესების დანახვა, უნდა შევძლოთ ქვეყნის მომავლისთვის მთავარის და მეორადის გამიჯვნა. უნდა შევძლოთ პარტიულისა და ეროვნულის ერთმანეთში არ აღრევა. უნდა შევძლოთ შურის, ბოღმისა და სიძულვილის დაძლევა, თორემ რაღა არის ვნების კვირა და აღდგომა?

განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრაზე, სადაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქალებს უმასპინძლა, ხოლო 9 აპრილისა და მარტის აქციების სიმბოლოდ ქცეული ქალები ღირსების მედლით დააჯილდოვა.



ასევე ნახეთ
close დახურვა