logo
ENG


მეუფე საბა: მხარს ვუჭერ პრემიერს, რომელმაც უშიშრად თქვა, კაცი არის კაცი და ქალი არის ქალი
მეუფე საბა
06 მაი, 2023 20:58
მეუფე საბა: მხარს ვუჭერ პრემიერს, რომელმაც უშიშრად თქვა, კაცი არის კაცი და ქალი არის ქალი
  • 425ნახვები

მე აბსოლუტურ მხარდაჭერას ვუცხადებ ჩვენს პრემიერმინისტრს, რომელმაც ევროპის ტრიბუნიდან უშიშრად თქვა, რომ საქართველოში კაცი არის კაცი და ქალი არის ქალი. კაცს ჰქვია მამა და ქალს ჰქვია დედა და შვილს ჰქვია შვილი. და საქართველოში ყველა ადამიანი გაიზრდება ამ სულისკვეთებით და ვინც ამ სულისკვეთებით არ გაიზრდება, მან არ უნდა თქვას, რომ "ვარ ქრისტიანი" და არ უნდა თქვას, რომ "ვარ ქართველი". ეს უნდა იცოდეს ყველამ და ამის თქმის არ უნდა გვეშინოდეს არც სამღვდელოებას, არც ერს არც მრევლს, არც ხელისუფლებას, არავის უნდა ეშინოდეს...

თვალი გაახილეთ ყველამ და დაინახეთ რა ხდება მსოფლიოში, სად მივდივართ და რას გვიპირებენ. ჩვენ არაფრის წინააღმდეგი არ ვართ - არც ევროკავშირის, არც NATO-სი, თუ სახელმწიფოს სჭირდება და ეს არის სახელმწიფოს ატრიბუტი, დაე, იყოს ასე, მაგრამ ჩვენ არასდროს არ შევურიგდებით ისეთ გამოფენებს, ისეთ მოწოდებებს, ისეთ ცხოვრების წესს, რომელიც ქრისტეს წარმოაჩენს, როგორც სექსუალურ პიროვნებას, როგორც გეი პიროვნებას. ან ვინც შეურაცხყოფს დედა ღვთისმშობელს, ან თამარ მეფეს, ან რომელიმე წმინდანს, ან შეურაცხყოფს ჩვენს წესებს, ტრადიციებს. გინდათ? ასეთი მიგვიღეთ. არ გინდათ? კარგად იყავით.

თუ თქვენ გაქვთ, თქვენი წესები და ტრადიციები, რაშიც ეჭვი მეპარება, ჩვენ უფრო მეტი გვაქვს. არავინ არ უნდა უთხრას ქართველებს, არავინ არ უნდა დაემუქროს ჩვენ ქვეყანას, რომ თქვენ ისეთი წესებით მიგიღებთ, როგორიც ჩვენ გვინდა. აბა, შეეცადეთ საქართველოში წესების და ტრადიციების განადგურებას. და ვინც შეეცადა, დღეს ისტორიაშიც კი არ იხსენიება. ამიტომ, ცოტა ფრთხილად იყავით, როდესაც ამ ქვეყანას ისე ექცევით და ისე ესაუბრებით, როგორც თქვენ გინდათ და არა ისე, როგორც ის იმსახურებს. არც მე მეშინია, არც მრევლს და არც ეკლესიას ამ სიტყვების, რასაც ვამბობ. ეს არის სრული ჭეშმარიტება და ჩვენ ამას დავიცავთ.

 

განაცხადა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ წმინდა გიორგის დღესასწაულზე, ხონის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას

საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთში კონსერვატიულ-პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, ისაუბრა "ტრადიციულ ღირებულებებზე", "ოჯახის სიწმინდეზე". მისი გამოსვლა შეიცავდა ჰომოფობიურ და პროპაგანდისტულ გზავნილებს.

 


ასევე ნახეთ
close დახურვა