logo
ENG


დეგნანი სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე: უცნაური იქნება, მივესალმოთ ამ ჟესტს სისხლიანი რეჟიმისგან
კელი დეგნანი
11 მაი, 2023 17:13
დეგნანი სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე: უცნაური იქნება, მივესალმოთ ამ ჟესტს სისხლიანი რეჟიმისგან
  • 540ნახვები

აშშ ვერ იტყვის, ექნება თუ არა ამას გავლენა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე. ეს აჩენს კითხვებს, რატომ უნდა აძლევდეს პუტინი საქართველოს ამას ახლა? დარწმუნებული ვარ, არავის სჯერა, რომ ეს ქართველი მოგზაურების ხელშეწყობისთვისაა. ჩვენ გვინახავს, რომ პუტინი ქვეყანაში რუსების ყოფნას იყენებს იმისთვის, რომ ზოგჯერ ამ ქვეყანაში შეიჭრას. ვფიქრობ, უკვე ბევრი ქართველია, ვინც შეშფოთებულია, გასულ წელს 100 000 რუსის საქართველოში შემოსვლის გამო და ახლა ჩვენ გვესმის რუსული ტურიზმის სააგენტოსგან, რომ, შესაძლოა, დამატებით მილიონი [რუსი] შემოვიდეს ამ პირდაპირი ფრენების შედეგად.

თუ პუტინს სურდა, ეჩვენებინა, რომ მას ადარდებს საქართველო, ის აფხაზეთიდან და ცხინვალიდან გაიყვანდა ძალებს, დაემორჩილებოდა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და უარყოფდა რუსეთის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის აღიარებას. ეს იქნებოდა ის ნიშნები, რომლებსაც, ვფიქრობ, ქართველები დააფასებდნენ, როგორც ნამდვილ, გულწრფელ ჟესტს. გვახსოვს, რომ ესაა ქვეყანა, რომელიც 2008 წელს საქართველოში შეიჭრა, რომელმაც 1989 წელს სცადა, გაენადგურებინა საქართველოს თავისუფლება, რომელმაც 1979 წელს სცადა, ჩაეჩუმებინა ქართული ენა და რომელიც საუკუნეების განმავლობაში შეურაცხყოფდა საქართველოს ეკლესიებს ამ ქვეყანაში. ეს ის ქვეყანაა, რომელიც უკრაინას იმავენაირად ესხმის თავს, როგორც 15 წლის წინ საქართველოს დაესხა, მიზანში იღებს საცხოვრებელ შენობებს, სკოლებს, საავადმყოფოებს, ბავშვებს ართმევს ოჯახებს. ძალიან უცნაური იქნება, რომ მივესალმოთ ჟესტს იმ სისხლიანი რეჟიმისგან, რომელიც უკრაინას იმას უკეთებს, რაც საქართველოს რუსეთმა სულ რაღაც 15 წლის წინ გაუკეთა და კვლავ ოკუპირებული აქვს თქვენი მიწა.

განაცხადა აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის და პირდაპირ ფრენებზე აკრძალვის გაუქმების შესახებ. 



ასევე ნახეთ
close დახურვა