გასულ კვირას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიამ გამორჩეულ პიანისტს, ედიშერ სავიცკის საფორტეპიანო მუსიკალურ საღამოს უმასპინძლა. ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე, დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, გარკვეული პერიოდულობით მაინც ახერხებს სამშობლოში ჩამოსვლას და მსმენელისთვის საინტერესო რეპერტუარის შეთავაზებას, როგორც ეს გასულ კვირას მოხდა. ქართველი პიანისტის კარიერა მაშინ დაიწყო, როდესაც 21 წლის ახალბედა მუსიკოსი ლექსო თორაძემ ნიჭის მიხედვით გამოარჩია და სხვა სტუდენტებთან ერთად შტატებში წაიყვანა. მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი და მსოფლიოში წამყვანი საკონცერტო დარბაზების საპატიო მუსიკოსი, ამჟამად ალაბამას უნივერსიტეტის პროფესორი და ამავე დროს, თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია და ასე ვთქვათ, მისი პედაგოგისა და მეგობრის გზას თავადაც აგრძელებს. ცდილობს სტუდენტებს ახლა თავად გაუკვალოს გზა. შტატებში დაბრუნებამდე, ედიშერ სავიცკის დროება ესაუბრა.