logo
ENG



"დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინის EU-ში გასაწევრიანებლად" - მიმართვა მაკრონს

19 თებ 202217:43
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/19/rmssk541eo1g6z2.jpg

100 მოქმედი და ყოფილი ევროპელი პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, ლიტერატურისა და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენელი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს მიმართავს, გამოიყენოს თავისი, როგორც ევროპული საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტის უფლებამოსილება და დაუყოვნებლივ დაიწყოს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკებები. 

ხელმომწერების განცხადებით, ეს უკრაინას კონკრეტული პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარების და განვითარების პერსპექტივას მისცემს რუსული აგრესიისგან მომდინარე დრამატული საფრთხის ფონზე.

განცხადებაში ვკითხულობთ:

"საფრთხე, რომელიც ემუქრება უკრაინის და მთლიანად ევროპის უსაფრთხოებასა და მთლიანობას, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უპრეცედენტოა. 

ერთი მხრივ, ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე მიიღო გაბედული გადაწყვეტილება. ესტონეთმა, ლიეტუვამ, ლატვიამ, ჩეხეთმა, საფრანგეთმა და პოლონეთმა გადაწყვიტეს, უკრაინას სამხედრო და სამოქალაქო დახმარება გაუწიონ, ხოლო დანიამ, ნიდერლანდებმა და ესპანეთმა აიღეს ვალდებულება, გააძლიერონ სამხედრო ყოფნა რეგიონში. საფრანგეთი იმავეს გაკეთებას გეგმავს რუმინეთში. 

მეორე მხრივ, ევროკავშირი მუშაობს აშშ-სა და NATO-ს წევრ სხვა ქვეყნებთან ახალი სანქციების შემუშავებაზე, რომელიც რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრას მოჰყვება. 

ეს ნაბიჯები სწორია შეკავების გაძლიერების კუთხით, თუმცა, შესაძლოა არ იყოს საკმარისი უკრაინის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში. 

ამ მიზეზების გამო ჩვენ მოგმართავთ თქვენ, განსაკუთრებით იმ ქვეყნის პრეზიდენტის რანგში, რომელიც ახლა ევროპულ საბჭოს ხელმძღვანელობს, იმ იმედით, რომ ხელს შეუწყობთ სხვა ქვეყნების მთავრობებს შორის იმ ინიციატივის წახალისებას, რომელიც კრიზისში ევროკავშირს ჭეშმარიტად სტრატეგიულ მოთამაშედ აქცევს. 

მას შემდეგ, რაც 2015 წელს ევროკავშირმა აღიარა „უკრაინის ევროპული მისწრაფებები“ და მიესალმა „მის ევროპულ არჩევანს“, დადგა დრო, მივცეთ უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების რეალური პერსპექტივა ამის შესახებ მოლაპარაკებების დაუყონებლივ გახსნით, მიზნისთვის, რომ ინტეგრაციის პროცესი ათი წლის განმავლობაში დასრულდეს. 

იმ შემთხვევაშიც კი, თუ არსებული კრიზისი ღია კონფლიქტში არ გადაიზრდება, უკრაინა დარჩება დესტაბილიზაციის საფრთხის პირობებში. 

რეფორმების ზუსტი და სავალდებულო გრაფიკი, რომელსაც გაწევრიანების პროცესი მოჰყვება, იქნება ძლიერი სტიმული ამ ქვეყანაში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად და, შესაბამისად, სერიოზული ანტიდოტი ნებისმიერი მომავალი დესტაბილიზაციის მცდელობისთვის. დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ წინადადებას გაითვალისწინებთ". 

***

რუსეთ-უკრაინის საზღვართან ვითარება დაძაბულია. რამდენიმე თვეა, რუსეთმა აქ 100 ათასზე მეტი სამხედრო განალაგა. 

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის 19 თებერვლის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ ვლადიმერ პუტინმა უკრაინის დაპყრობის გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, რუსეთი ამას მომდევნო კვირაში გააკეთებს, მიზანში კი დედაქალაქს, კიევს ამოიღებს. 

18 თებერვალს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი ოკუპირებული ლუგანსკის რეგიონში გამშვებ პუნქტ Щастя-ს ცეცხლი გაუხსნეს. ამ დროს ადგილზე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ჰუმანიტარული დახმარების მანქანების კოლონა იმყოფებოდა. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, 17 თებერვალს რუსმა სამხედროებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 60-ჯერ დაარღვიეს, მათგან 43 შემთხვევაში რუსეთმა მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღი გამოიყენა.

უკრაინის ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად 2 უკრაინელი სამხედრო და მინიმუმ 5 მოქალაქე დაზარალდა.

გარდა ამისა, 17 თებერვალს რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ლუგანსკის ოლქში, სტანიცა ლუგანსკის დასახლება საარტილერიო იარაღით დაბომბეს, ჭურვი საბავშვო ბაღსაც მოხვდა. თავდასხმის შედეგად, ბაღის სამი თანამშრომელი დაშავდა.

ოკუპირებულ დონეცკის ოლქში კი თვითგამოცხადებულმა ლიდერებმა ვითარების გამწვავების საბაბით 18 თებერვალს ევაკუაცია გამოცხადეს. 

ევაკუაციის გამოცხადებიდან მალევე, როსტოვის ოლქის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ლტოლვილებისთვის ბანაკებს გაამზადებდნენ, ხოლო პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ყოველ მათგან 10 ათას რუბლს დაჰპირდა.

რამდენი ადამიანი აპირებს რუსეთში გადასვლას, უცნობია. ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, დენის პუშილინმა რუსულ სამთავრობო არხთან ინტერვიუს დროს თქვა, რომ სავარაუდოდ, ევაკუაცია ასი ათასობით ადამიანს შეეხება.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ რუსეთის დუმამ პრეზიდენტ პუტინს ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობა აღიარებისთვის მიმართა. დეპუტატებმა შესაბამის განკარგულებას დაუჭირეს მხარი. 

საპასუხოდ უკრაინის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, არ აღიაროს რუსეთის მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც დროებით ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში არალეგალური, ე.წ რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებასთანაა დაკავშირებული.

დასავლეთი ვითარების დიპლომატიურ ფარგლებში გადატანას ჯერჯერობით უშედეგოდ ცდილობს. 

აშშ და NATO-ს წევრი სხვა ქვეყნები უკრაინას სამხედრო ტექნიკით, აღჭურვილობით და ტყვია-წამლით ეხმარებიან. გარდა ამისა, რუსეთს "არნახული" ეკონომიკური სანქციები ემუქრება აშშ-ის მხრიდან იმ შემთხვევაში, თუ ის უკრაინაში შეიჭრება. 

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის საზღვართან ჯარები განალაგა, დასავლეთს პირობები წაუყენა: 

უკრაინის სიახლოვეს NATO-ს სამხედრო განლაგებების გაუქმება, ალიანსი გაფართოებაზე უარის თქმა და 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული იმ გადაწყვეტილების უკან წაღება, რომლის თანახმადაც, უკრაინა და საქართველო აუცილებლად გახდებიან ალიანსის წევრები.

რუსეთი ასევე ითხოვს, ნატოს ჯარები გავიდნენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან და დაბრუნდნენ იქ, სადაც 1997 წლამდე იყვნენ, ანუ მანამ, სანამ ეს ქვეყნები ალიანსის წევრები გახდებოდნენ. 

აშშ-მ და ნატომ რუსეთთან დიალოგი სცადეს. რუსეთის წარმომადგენლები კვლავ ქვეყნის მოთხოვნებს იმეორებენ და ამბობენ, რომ თუ დასავლეთი ამას არ გაითვალისწინებს, შეთანხმება ვერ შედგება. დასავლეთი კი რუსეთის მოთხოვნებს არ ეთანხმება და არც მათ გათვალისწინებას აპირებს. 


close დახურვა