logo
ENG



არ გვაქვს მოლოდინი, რომ ტოიოტას მგზავრებს ბრალი დაუმძიმდებათ - გელხაური

11 ივლ 202012:07
3 წუთის საკითხავი
 

არ გვაქვს მოლოდინი, რომ „ტოიოტა ქემრიში“ მყოფი პირების მიმართ ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით დამძიმდება, - ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არ არსებობს არავითარი მტკიცებულება, რომ ტოიოტაში მყოფ პირებს შაქარაშვილთან რაიმე სახის ფიზიკური სიახლოვე ჰქონდათ.

„არ არსებობს არცერთი ჩვენება, არცერთი ვიდეოკადრი, არანაირი სახის მტკიცებულება, რომელიც უშუალოდ დაადასტურებს, რომ გიორგი შაქარშვილთან შემხებლობა, ფიზიკური სიახლოვე ჰქონდათ „ტოიოტა ქემრის“ მგზავრებს. შესაბამისად, არ გვაქვს მოლოდინი, რომ მათ მიმართ დამძიმდება ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით. თუმცა ის გარემოება, თუ რით მიიღო შაქარაშვილმა დაზიანებები, უნდა დაადგინოს გამოძიებამ და ამის შემდეგ უნდა ვისაუბროთ, შეიძლება თუ არა ვინმეს მიმართ დამძიმდეს ბრალდება“, - განაცხადა გელხაურმა.

გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის ცხედრის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა. პირველადი დასკვნით, შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი არის ასფექსია წყალში დახრჩობით. 

გარდა ამისა, უკვე არსებულ კვალიფიკაციას დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლი დაემატა.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

ვრცლად გიორგი შაქარაშვილის საქმესა და გაჩენილ კითხვებზე წაიკითხეთ აქ.


close დახურვა