ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს კონსულტაციების დაწყებისკენ მოუწოდებს.
ბოკერია ამბობს, რომ ახლა, როდესაც ყველას პოზიცია ცნობილია, უნდა დასრულდეს დისკუსია იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ მოაწერს ხელს შარლ მიშელის დოკუმენტს და რომელი პარტია შევა პარლამენტში.
მისი თქმით, პარტიებს შორის კოორდინაცია აუცილებელია, რათა საზოგადოებას გაუჩნდეს იმედი, რომ თვითმმართველობის არჩევნები ვადამდელი არჩევნების მომტანია.
როგორც ბოკერია აღნიშნავს, ოპოზიციის მხრიდან ახლა მოქალაქეებთან პირდაპირი კომუნიკაციაა საჭირო.
"ახლა ყველა, ვისაც აქვს მართლა რეალური სურვილი, რომ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მშვიდობიან პოლიტიკურ ბრძოლაში იყოს, უნდა გადაერთოს ამ ბრძოლაზე, რაც გულისხმობს პოლიტიკურ პარტიებს შორის უახლოეს დღეებში, ამ კვირის განმავლობაში კონსულტაციების დაწყებას, კოორდინაციის ფორმებთან დაკავშირებით.
ეს აუცილებელია იმისთვის, რომ საზოგადოებას გაუჩნდეს იმედი იმისა, რომ თვითმმართველობის არჩევნები ვადამდელი არჩევნების მომტანი პროცესია და რომ ამ არჩევნების შედეგად შესაძლებელი იქნება კრიზისიდან გამოსვლის დაწყება. ამას სჭირდება კონსულტაციები და ჩვენს მოქალაქეებთან პირდაპირ კომუნიკაცია იმ პრობლემებზე, რომელიც დგას ამათ წინაშე", - ამბობს ბოკერია.
შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში 27 აპრილს შევიდა.
ენმ დატოვა და პარლამენტში შევიდა სალომე სამადაშვილი, ასევე, დეპუტატი გახდა გრიგოლ ვაშაძე, რომელმაც პარტიიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება 2020 წლის 15 დეკემბერს მიიღო.
გუშინ, 30 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელს არ აწერს.