logo
ENG



ბოკერია: ივანიშვილი დამარცხდება ნებისმიერი სისტემის პირობებში

19 ივნ 202017:04
3 წუთის საკითხავი
 

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია რვა მარტის შეთანხმებაში მონაწილე ფასილიტატორი ელჩების განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ საზოგადოების ინტერესია 8 მარტის შეთანხმების ყველა ნაწილი შესრულდეს.

ბოკერიას თქმით, „ქართულ ოცნებასა“ და ბიძინა ივანიშვილს შეუძლიათ, ქვეყანას ზიანი აღარ მიაყენოს და საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტი მიიღონ.

„არც ერთი პროგნოზის გაკეთება ივანიშვილის პირობებში არ შეიძლება, უსარგებლო საქმეა. მე შემიძლია გითხრათ რა არის ჩემი, ჩემი გუნდის, გავბედავ და ვიტყვი საზოგადოების ინტერესი. საზოგადოების ინტერესია შეთანხმების ყველა ნაწილი შესრულდეს. ბევრს არასწორად გონია, პოლიტიკურ კომენტატორებს, რომ სისტემის შეცვლა არის გასაღები ივანიშვილის დამარცხების. ივანიშვილი დამარცხდება ნებისმიერი სისტემის პირობებში. უბრალოდ, პროპორციული სისტემა ან მასთან მიახლოებული სისტემა, ქვეყნის ინტერესებშია, რომ ივანიშვილის შემდეგ, მომავალი მთავრობა არ აღმოჩნდეს უკონტროლო რაიმე ფორმით. რისი გამოცდილებაც წარსულში გვაქვს - ივანიშვილისნაირი სამარცხვინოც და სხვანაირიც, ჩემი ჩათვლით. ეს არის საზოგადოების დაკვეთა და ვნახოთ - ზეგ არის პირველი კენჭისყრა და მერე იქნება მეორე და მესამე მოსმენა. ივანიშვილის რეჟიმს შეუძლია, ქვეყანას აღარ მიაყენოს ზიანი და თავად არ ჩაიგდოს თავი უფრო დიდ შარში“, - აღნიშნა ბოკერიამ.

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური დიალოგის შუამავალი ფასილიტატორი ელჩები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც ისინი მხარეებს შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებენ.

8 მარტის შეთანხმება: საპარლამენტო არჩევნების გამართვა 2020 წლის ოქტომბერში იგეგმება. იქამდე კი პარლამენტში კონსტიტუციაში შესატან ცვლილებეზე უნდა იმსჯელონ - კერძოდ, არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება, ხოლო ბარიერი 1%-იანი იქნება. ამის შესახებ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით, 8 მარტს შედგა.

მიუხედავად ოპოზიციის, სენატორებისა და ევროპარლამენტარის მოწოდებისა, მმართველი გუნდი არ აღიარებს, რომ შეთანხმებაში პატიმრების შეწყალებაზე იყო საუბარი და აცხადებს, რომ ზოგადად, ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან. თუმცა, პრეზიდენტმა უკვე შეიწყალა ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა. ამ ეტაპამდე პატიმრობაში რჩება „მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სანამ რურუა არ გათავისუფლდება, შეთანხმება შესრულებული არ იქნება.

 


close დახურვა