logo
ENG



ბოლნისის სიონის მოძღვარს კორონავირუსი დაუდასტურდა

17 აპრ 202013:29
3 წუთის საკითხავი
 
tnfyzuxv6rt5y6a.jpg

ბოლნისის სიონის მოძღვარს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულ ინფორმაციას  ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი ადასტურებს.

მისი თქმით, ღვთისმსახურება მრევლის გარეშე აღევლინებოდა.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაავადების გავრცელების მასშტაბური ზრდა გვაქვს. ეს არის 19 დადასტურებული ფაქტი და მათ შორის, ძირითადად, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის კლასტერიდან, ოჯახის წევრები და არა მარტო. არის კიდევ ორი ფაქტი და ერთი სასულიერო პირთან დაკავშრებულია. იქ საკარანტინე რეჟიმი დიდი ხანია აგვრცელებულია, იქ სადაც მოღვაწეობს სასულიერო პირი, მრევლი არ დადის. ვიღებთ ზომებს, რომ ჩაიკეტოს მუნიციპალიტეტის ცენტრი ბოლნისი და რაჭის უბანი“, - განაცხადა რეხვიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. საბოლოო ჯამში საპატრიარქო და მთავრობა ლიტურგიის ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამისი განცხადებები გუშინ საპატრიარქოს პრესსამსახურმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა. კერძოდ, ჯაღმაიძის თქმით, ეკლესიის კარი არ დაიკეტება.

მოგვიანებით განცხადებები გააკეთა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ, რომელმაც არსებულ საფრთხეებზე ისაუბრა. იმნაძის თქმით, თუ მოსახლეობა წესებს არ დაიცავს ქვეყანაში განმეორდება ის რაც მოხდა იტალიაშიც. მან მოქალაქეებს მოუწოდა ეკლესიაში წასვლისგან თავი შეიკავონ.ბოლო მონაცემებით ინფიცირებულთა რიცხვი 370 -მდე გაიზარდა , აქედან 77 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა.ქვეყანაში 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი მოქმედებს. კერძოდ კი, მოქალაქეებს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სხვადასხვა ობიექტი. გარდა ამისა ჩაკეტილია 4 დიდი ქალაქი, მათ შორის თბილისი და გამკაცრებული კარანტინი მოქმედებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.გარდა ამისა, 21 აპრილამდე აიკრძალა მსუბუქი მანქანებით გადაადგილება. 10 დღით დაიკეტა სასაფლაოებიც.

close დახურვა