დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე "ფორმულასთან" დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებაზე საუბრობს.
გამყრელიძე განმარტავს, რომ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში დაწესებულ შეზღუდვები, სულ მცირე, 2 კვირის განმავლობაში არ შემსუბუქდება. მისივე თქმით, ეს ეპიდემიურ სიტუაციაზეა დამოკიდებული.
"იმსჯელებს საკოორდინაციო საბჭო და შეზღუდვების შემსუბუქება ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული. უნდა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციის განვითარებას და ამის მიხედვით იქნება გადაწყვეტილი შემსუბუქების სტრატეგია. ჯერ ალბათ კიდევ, მინიმუმ, 2 კვირა ამაზე საუბარი არ შეიძლება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი მოქმედებს. კერძოდ კი, მოქალაქეებს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სხვადასხვა ობიექტი. გარდა ამისა ჩაკეტილია 4 დიდი ქალაქი, მათ შორის თბილისი და გამკაცრებული კარანტინი მოქმედებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.გარდა ამისა, 21 აპრილამდე აიკრძალა მსუბუქი მანქანებით გადაადგილება.