logo
ENG



დეგნანი: პარტიებმა შეასრულონ შეთანხმება, მიზანი მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებაა

23 ივნ 202118:19
3 წუთის საკითხავი
 
დეგნანი: პარტიებმა შეასრულონ შეთანხმება, მიზანი მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებაა

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი კიდევ ერთხელ მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს 19 აპრილის შეთანხმების შესრულებისკენ და ხაზს უსვამს საქართველოში დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებას და გაძლიერებას. ამაზე ელჩმა იუსტიციის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

როგორც კელი დეგნანი აღნიშნავს, გასული წლის არჩევნების შემდეგ გამართული მოლაპარაკებების პერიოდში გამოჩნდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ძლიერი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულება. 

"ყველამ ვიცით, რომ სამართლის უზენაესობა და სასამართლო სისტემა ძლიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია და სწორედ ამიტომ არის ჩვენი თანამშრომლობა იუსტიციის სამინისტროსთან ასეთი მნიშვნელოვანი. გასული წლის არჩევნების შემდეგ გამართული მოლაპარაკებების პერიოდში ვიხილეთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ძლიერი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულება. სწორედ ამიტომ კმაყოფილება გამოვთქვით, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა მოლაპარაკებების შედეგად მიაღწიეს შეთანხმებას სასამართლო რეფორმის შესახებ, რაც 19 აპრილის შეთანხმებაშია ასახული.

ჩვენ მკაფიოდ მოვუწოდებთ ყველა პარტიას, როგორც მმართველ ისე ოპოზიციურ პარტიებს, შეასრულონ 19 აპრილის შეთანხმება მისი სრული სულისკვეთებით. მიზანი არის დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესება და გაძლიერება. ეს არის საქმე, რომელიც ყველამ უნდა შევასრულოთ და რომელიც საქართველოს საუკეთესო ინტერესებს ემსახურება", - ამბობს კელი დეგნანი

მოსამართლეების დანიშვნის პროცესი არ ჩერდება. ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, 23 ივნისს პარტიის პოლიტსაბჭოს შემდეგ ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ საქართველოს პარლამენტი მოუსმენს თითოეულ კანდიდატს და მიიღებს გადაწყვეტილებებს მათი განწესების შესახებ.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ ფულის შესაძლო გათეთრების საქმეზე სასამართლო 2 ივლისს ჩაინიშნა. ხაზარაძე ამბობს, რომ ქართული ოცნება მართლმსაჯულებას ისევ ოპონენტების წინააღმდეგ იყენებს.

ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი მოუწოდებს ხელისუფლებას, შეაჩეროს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი.

არაერთი მოწოდების მიუხედავად, 17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა - მოსამართლეთა სია დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნა.

სია შემდეგნაირად გამოიყურება:

  • გიორგი გოგიაშვილი
  • გოჩა აბუსერიძე
  • ლევან თევზაძე
  • ქეთევან მესხიშვილი
  • გიორგი შავლიაშვილი
  • რევაზ ნადარაია
  • ბიძინა სტურუა
  • ეკა ზარნაძე
  • ლაშა ქოჩიაშვილი

კელი დეგნანმა, კარლ ჰარცელმა და ნატალია ვუტოვამ 21 მაისსაც მიმართეს წერილით მმართველ გუნდს, სასამართლო რეფორმის განხორციელებამდე შეეჩერებინათ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების არჩევა და იუსტიციის საბჭოს წევრების დანიშვნა. 

​ელჩებმა წერილით მმართველ გუნდს შეახსენეს შარლ მიშელის დოკუმენტით აღებული ვალდებულებები და ხაზი გაუსვეს, რომ მათ შესრულებაზე იქნება დამოკიდებული საქართველოს ფინანსური დახმარება.

ამაზე კახა კუჭავამ მათ უპასუხა, რომ როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვალდებულია, უზურნველყოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ არჩევისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნის პროცესი. 

რა წერია შეთანხმებაში?

შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი შეთანხმების დოკუმენტით, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ საარჩევნო რეფორმის გატარებამდე, რომელიც უნდა დაეფუძნოს ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის დასკვნას, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების მოქმედი წესით დანიშვნისგან.

ასევე, დოკუმენტის მიხედვით, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმირება, გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერების და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით. რეფორმა უნდა მოიცავდეს დანიშვნების, შერჩევის, დაწინაურების და დისციპლინარული ზომების სფეროსაც. რეფორმების შესაფასებლად მოთხოვნები შედგება და გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს, მათი რეკომენდაციები კი სრულად უნდა იქნას გათვალისწინებული.


close დახურვა