logo
ENG



ევროპული საქართველო ისრაელიდან საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას გამოწვევას ითხოვს

09 იან 202115:25
3 წუთის საკითხავი
 
ევროპული საქართველო ისრაელიდან საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას გამოწვევას ითხოვს

ევროპული საქართველო ისრაელიდან საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას გამოწვევას ითხოვს. 

მიზეზი ქუთათელ-გაენათელი მიტროიპოლიტის, იოანე გამრეკელის ანტისემიტური განცხადება და მასზე ჟვანიას გამოხმაურებაა, როცა ელჩმა განაცხადა, რომ ეპისკოპოსს ანტისემიტური არაფერი უთქვამს. 

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ნებისმიერი რელიგიური ან ეთნიკური ჯგუფის მიმართ ქადაგება უზნეობაა, განსაკუთრებით კი ანტისემიტიზმი, "მთელი კაცობრიობის უახლესი ისტორიის გამო" 

"ეს საქციელი [სასულიერო პირების ანტისემიტური ქადაგება] არის საფრთხე და შეურაცხყოფა არა მხოლოდ ერთი რელიგიური ჯგუფის, ჩვენი ებრაელი მოქალაქეების, არამედ, საქართველოს ყველა მოქალაქის მიმართ". - თქვა ბოკერიამ. 

მისი თქმით, ამ ვითარებაში კიდევ უფრო საგანგაშო ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას  "სამარცხვინო განცხადებაა". 

"რომელმაც პრაქტიკულად გაამართლა ეს სასულიერო პირი. კიდევ უფრო საგანგაშოა, რომ ამ სამარცხვინო განცხადებას არ მოჰყოლია არანაირი რეაქცია ივანიშვილის გუნდის სხვა წარმომადგენლებისგან. ჩვენ მოვისმინეთ საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება კი არა, სადღეგრძელო, სადაც მან ორი ერის მეგობრობაზე ისაუბრა და კონკრეტულად არ დაუგმია არც საწყისი ანტისემიტური განცხადებები და არც რეაქცია მიუცია მისი უწყების მიერ დანიშნული ელჩის სამარცხვინო საქციელზე.

ხელისუფლებისგან მოვითხოვთ მკაფიო პოზიციას და არა სადღეგრძელოებს, არამედ ამ განცხადების დაგმობას ივანიშვილის გარემოცვის წარმომადგენლებისგან და რეაქციას ჟვანიას გამოწვევის სახით. საგარეო საქმეთა მინისტრმა უნდა გამოიწვიოს ლაშა ჟვანია". - თქვა გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე. 

ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, იოანე გამრეკელმა ანტისემიტური ქადაგებისას ებრაელებს უწოდა "ქრისტიანთა მდევნელი" და "ურწმუნო მოდგმა". მიტროპოლიტმა თქვა, რომ "ბრძოლა დღესაც გრძელდება, ეს ეთნიკური ნიშნით არ განისაზღვრება, ეს არის ურწმუნო მოდგმის ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ". მან პარალელი გაავლო ებრაელებს, "ურწმუნო მოდგმასა" და უფლებადამცველებს შორის, რომლებიც დღეს ეკლესიას აკრიტიკებენ და შესაბამისად, ამით იუდაური თემის გზას აგრძელებენ. 

ორშაბათს, 4 იანვარს, ანტისემიტური განცხადება გააკეთა ქუთაისის სულხან-საბას დასახლების სამების ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა ილია კარკაძემაც. ის ეპისკოპოს იოანე გამრეკელს გამოექომაგა და თქვა, რომ "არსებობს  სიონისტური დაჯგუფებები, რომლებიც "მიწიური პროცესიდან არაკეთილი ძალის მხარეს დგას. კარკაძემ თქვა, რომ იოანე გამრეკელი თავის მქადაგებაში ფაქტებს ყვებოდა. 

ორგანიზაცია ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) გამოეხმაურა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, იოანე გამრეკელის ანტისემიტურ ქადაგებას და მას "უკიდურესად შემაშფოთებელი" უწოდა. 

ორგანიზაციამ მოუწოდა იოანე გამრეკელს, ბოდიში მოიხადოს თავისი განცხადებებისთვის. 

სასულიერო პირების განცხადებებს გამოეხმაურა ისრაელის ელჩი საქართველოში, რან გიდორიც და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, დაგმოს ანტისემიტური გამოსვლები. 


close დახურვა