logo
ENG



ეზუგბაია - დაწესებული რეგულაციები საკმარისია, კიდევ უფრო გამკაცრება სიტუაციას გაართულებს

23 აპრ 202011:03
3 წუთის საკითხავი
 
2wa5irxj0hx90rv.png

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი მარინა ეზუგბაია მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები ადეკვატური და საკმარისია.

როგორც მან აღნიშნა, არსებული მონაცემების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე ზომების კიდევ უფრო გამკაცრების აუცილებლობა არ დგას.

„ჩვენი მონაცემებით, ჩანს რომ ქმედებები აბსოლუტურად ნორმალური, ადეკვატურია და კარგია. ხელისუფლების ქმედებები, ანუ აღკვეთის ღონისძიებების გატარება, არის შედეგების მაჩვენებელი. ჩვენ ქვეყანაში კვლავ გვაქვს ზომიერი, კონტროლირებადი მატება. ეს ნიშნავს, რომ გარკვეულწილად ეს ღონისძიებები აღკვეთის და რეგულაციები, რაც არის შემოსული, ალბათ საკმარისია. კიდევ უფრო გამკაცრება სიტუაციას გაართულებს. ამ ეტაპზე შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, აბსოლუტურად ნორმალურია ეს ყველაფერი. მოდით, დაველოდოთ დინამიურ პროცესებს და შემდეგ ვისაუბროთ, რამდენად კიდევ გამკაცრება იქნება საჭირო, მოხსნა, თუ როგორ იქნება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 420 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჟიმში 5 223 მოქალაქე იმყოფება სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 584. ვირუსისგან სრულად განიკურნა 107 პაციენტი, 5 კი, გარდაიცვალა.

საგანგებო მდგომარეობა, რაც ქვეყანაში 21 მარტიდან მოქმედებდა, გუშინ კიდევ ერთი თვით, 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდა. გარდა ამისა, 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.


close დახურვა