logo
ENG



ეძახდნენ, ირბინეთ, ბოლომდე უნდა გდიოთო - ახალი ჩვენება შაქარაშვილის საქმეში

21 ივლ 202015:03
3 წუთის საკითხავი
 

ახალი დეტალები და ახალი ტომი გიორგი შაქარაშვილის საქმეში - შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრალდებულების ადვოკატებს საქმის ახალი მასალები გადაეცათ. ერთ-ერთ ახალ ტომში დაზარალებული გიორგი ქათამაძის დედის ხათუნა ძოწენიძის ჩვენებაა, რომელშიც მისი შვილის მონათხრობს დეტალურად აღწერს.

ჩვენების მიხედვით, ქათამაძე ყვებოდა, რომ პირები, რომლებიც ადგილზე „ტოიოტას“ მარკის ავტომობილით მივიდნენ, მას და მის მეგობრებს დაედევნენ. ამის შემდეგ კი, ის გზის გამყოფ ზოლში, ბუჩქებში ჩაიმალა.

„როდესაც ტელევიზიით გავიგეთ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის ამბავი და გიორგის ამის შესახებ ვკითხე, მითხრა, რომ დაბადების დღიდან წამოვიდა კოკოსთან, ვახო ახვლედიანთან და კიდევ სამ ბიჭთან ერთად. სულ იყვნენ ექვსნი, ელოდებოდნენ ტაქსის. მათთან მივიდა მანქანა, საიდანაც გადმოვიდნენ პიროვნებები, რომლებიც ვერ იცნო. რამდენი, არ ვიცი, ერთ-ერთი მათგანი უფრო სრული აღნაგობის. გიორგიმ დაინახა, რომ კოკოს ერთ-ერთმა მათგანმა მოუქნია ხელში არსებული სავარაუდოდ რკინის ხელკეტი. როდესაც გიორგი კოკოსკენ გაიწია, უკნიდან მოხვდა რაღაც, დაეცა და დაკარგა გონი, თუმცა ახსოვს, რომ  უცნობი პიროვნებები დაცემულზეც ურტყამდნენ თავის არეში.

გიორგიმ თქვა, რომ როდესაც გონს მოვიდა, ჩამოეყრდნო რაღაც რკინას. რა რკინაზეა საუბარი, გიორგის არ ახსოვს და ვერ აკონკრეტებს. ამ დროს მასთან მივიდა ვახო და კიდევ 2 ბიჭი. ამის შემდეგ, გიორგის თქმით, მათთან მივიდა მეორე მანქანა. მათ იფიქრეს, რომ ისინიც მათთან საჩხუბრად არ ყოფილიყვნენ მისული და გაიქცნენ. კერძოდ, ვახო და კიდევ ორი ბიჭი, რომელთაგან ერთ-ერთი, როგორც შემდეგ გაირკვა, იყო გიორგი შაქარაშვილი, მირბოდნენ გიორგის წინ. ვინაიდან გიორგის აღარ ჰქონდა სირბილის თავი, გადაჭრა გზა და ჩაიმალა გზის გამყოფ ზოლში არსებულ ბუჩქებში. როგორც გიორგიმ თქვა, მათ უცნობი პიროვნებები ეძახდნენ 'მიდით ბოლომდე ირბინეთ, ბოლომდე უნდა გდიოთო'. შემდეგ, გიორგის გადმოცემით, როდესაც ცოტა სიტუაცია მიწყნარდა, ის გადავიდა იქვე მიტოვებულ შენობასთან და ჩაიმალა. ის იყო მარტო, ტელეფონით დაუკავშირდა ვიღაც მეგობარს, რომელსაც სთხოვდა დახმარებას. მას ასევე დაუკავშირდა ვახო ახვლედიანი. მათ იქვე ნახეს ერთმანეთი და ვიღაცის მანქანით ერთად წამოვიდნენ თბილისში“, - ნათქვამია ხათუნა ძოწენიძის ჩვენებაში.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული მორაგბე, არჩილ გაგნიძე, რომელიც „ტოიოტას“ ერთ-ერთი მგზავრია, საგამოძიებო ექსპერიმენტს ითხოვს. როგორც მისმა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა, გაგნიძეს ამ ექსპერიმენტით იმის გამორიცხვა სურს, რომ „ტოიოტა ქემრის" მგზავრები შაქარაშვილს გაეკიდნენ. ალექსანდრე კობაიძის თქმით, ისინი არ გაკიდებიან შაქარაშვილს - მხოლოდ „სწრაფი ნაბიჯებით" გაჰყვნენ.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

ვრცლად გიორგი შაქარაშვილის საქმესა და გაჩენილ კითხვებზე წაიკითხეთ აქ.


close დახურვა