logo
ENG



თალაკვაძე: თუ ვინმეს პოლიტიკური სპეკულაციების გაგრძელება სურს, მზად ვართ

22 მაი 202012:23
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საკანონმდებლო ორგანოს ბიუროს სხდომაზე დიმიტრი ხუნდაძის კანონპროექტთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ ძირითადი საკითხების განხილვა ინიციატივასთან დაკავშირებით ამოწურულია და ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია.

თალაკვაძის თქმით, მმართველი გუნდი მზადაა მოისმინოს პოლიტიკური სპეკულაციებიც.

„გუშინ დისკუსია, ძირითადად, ორი საკითხის გარშემო წარიმართა. პირველი, პასუხობს თუ არა ეს ცვლილებები საკონსტიტუციო ტესტს, რაც ნიშნავს იმას, რომ არის თუ არა ის პროპორციული, არის თუ არა ის შედეგიანი, არის თუ არა ის თანაზომადი და მე მგონი, აქ პასუხები ამოწურულია. პირდაპირ ცვლილებებში ჩაწერილია და ჩვენ ამას ამ სახით მივიღებთ, რომ ეს ზომები უნდა პასუხობდეს კონსტიტუციის ტესტს. დისკუსიის ეს ნაწილი, პრაქტიკულად, მოიხსნა. თუ ვინმეს პოლიტიკური სპეკულაციების გაგრელება სურთ, ამაზე დღეს მზად ვართ.

"მეორე ნაწილი, სადაც საუბარი იყო ანგარიშვალდებულებასა და საპარლამენტო კონტროლზე, ეს საკითხიც პრაქტიკულად ამოწურულია. იმიტომ, რომ ეს ცვლილებები კონკრეტული ვადით იმოქმედებს და ამ ვადაში მთავრობასა  და პრემიერს რამდენჯერმე უწევს პარლამენტში ანგარიშის წარდგენა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდის წევრების ახალი ინიციატივის თანახმადმმართველ გუნდს ქვეყანაში გადაადგილების აკრძალვა ყოველთვის შეეძლება, არ აქვს მნიშვნელობა იქნება თუ არა გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა. 

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით,  საჭიროა გარკვეული შეზღუდვების შენარჩუნება, თუმცა საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით საჭირო აღარ არის. როგორც გახარიამ განმარტა კანონპროექტი არ გულისხმობს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას.

ამავდროულად, ოპოზიციის კრიტიკის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის წევრების ინიციატივის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ახალი კანონით დადგენილი შეზღუდვები, მაგალითად, 15 ივლისამდე იყოს გაწერილი. თუმცა, კონკრეტული თარიღი დღეს პარლამენტის სხდომაზე განისაზღვრება, კანონპროექტის მეორე მოსმენის დროს გახდება ცნობილი.

ხუნდაძის ინიციატივას  უარყოფითად აფასებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ შემოსაღებ რეგულაციებს და მათ არაკონსტიტუციურად მიიჩნევს.

გარდა ამისა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ დარეგისტრირებულ კანონპროექტს ეხმაურება. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შემზღუდავი ღონისძიებების განხორციელება, რასაც კანონპროექტი ითვალისწინებს, არაკონსტიტუციურია.

ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, ხელისუფლება დიქტატურას ამყარებს და შემოტავაზებული ცვლილებები არაკონსტიტუციურია.

ხელისუფლების მიერ განუსაზღვრელი ძალაუფლების მინიჭებაზე საუბრობს იურისტი ლევან ალაფიშვილიც და აცხადებს, რომ ინიციატივა საკმაოდ სახიფათოა, ვინაიდან ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გარეშეც ეძლევა შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობა.

კანონპროექტს სახალხო დამცველიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შეზღუდვას თავისი კონსტიტუციური სტანდარტები აქვს, რაც კანონპროექტში ასახული და გათვალისწინებული არ არის.

 

აღსანიშნავია, რომ პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას აძლევს, პირველი მოსმენით მიიღო. 


close დახურვა