logo
ENG



ინფექციურ საავადმყოფოში 54 ინფიცირებულია მოთავსებული, ერთის მდგომარეობა ისევ კრიტიკულია

06 მაი 202010:52
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 54 პაციენტია მოთავსებული. როგორც საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, მათგან 1-ის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია, 2-ს კი, მძიმე პნევმონია აღენიშნება.

„გუშინ დილით ამ დროისთვის გვყავდა 604 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა 6 ახალი შემთხვევა და გახდა 610. გამოჯანმრთელებული გვყავდა 240, დაგვემატა 29 და ამ ეტაპზე გვყავს 269 გამოჯანმრთელებული პაციენტები. შესაბამისად, დღეს საქართველოში, კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 332 პაციენტი.

"ჩვენთან 56 პაციენტია ამ ეტაპზე, აქედან ორია შესაძლო შემთხვევა, რომლებსაც ჩაუტარდებათ ტესტირება, 54 დადასტურებულია. 29 გამოჯანმრთელებულიდან 4 პაციენტი ჩვენია. მძიმე პაციენტებიდან გვრჩება კვლავ ის ერთი კრიტიკული პაციენტია. ის ხანდაზმულია, აქვს მძიმე პნევმონია და თან არსებული ორი მძიმე დაავადება, ესენია შაქრიანი დიაბეტი და ძნელად სამართავი ჰიპერტონული დაავადება. პროგნოზი ვერ გეტყვით როგორი იქნება. ჯერჯერობით არანაირი სტაბილიზაცია არ გვაქვს. ასევე გვრჩება მხოლოდ 2 პაციენტი მძიმე პნევმონიით“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მან ასევე კორონავირუსის 6 ახალ შემთხვევაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა მათგანის ინფიცირების წყარო ცნობილია.

„6 ახალი პაციენტიდან 2 ბოლნისის წყაროა, 2 ზუგდიდის და ორი არის არსებული წყაროებიდან, საკარანტინო სივრციდან. ისინი მოთავსებული არიან სხვადასხვა კლინიკებში და უტარდებათ მკურნალობა“, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 610 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან ამოქმედდა, 22 აპრილს კი, კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდა და 22 მაისის ჩათვლით იქნება ძალაში. გარდა ამისა, 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათიაგამოცხადებული. ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.


close დახურვა