კავკასიის უნივერსიტეტს კიდევ ერთი ლექტორი მაია წიკლაური ტოვებს.
მისი თქმით, მიუღებელია კავკასიის უნივერსიტეტის რექტორის ხელმოწერა 38 უნივერისტეტის განცხადების ქვეშ და ასევე ის ფაქტი, რომ ხელმოწერის გამოსაწვევად მმართველი საბჭოს გადაწყვეტილება გახდა საჭირო.
"დღეს კავკასიის უნივერსიტეტში ჩემი ლექცია არ ჩატარდება. მხარს ვუჭერ და ვუერთდები ჩემი სტუდენტების პროტესტს.
ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან მომენტში გადამწყვეტია სტუდენტების ხმა და მიხარია, ამაყი ვარ, რომ ზუსტად მათ ხელშია ჩვენი მომავალი.
ჩემთვის მიუღებელია კავკასიის უნივერსიტეტის რექტორის ხელმოწერა 38 უნივერისტეტის განცხადების ქვეშ და ასევე ის ფაქტი, რომ ხელმოწერის გამოსაწვევად მმართველი საბჭოს გადაწყვეტილება გახდა საჭირო. გადავწყვიტე, რომ ეს სემესტრი იქნება ბოლო ამ უნივერსიტეტში.
ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი დემოკრატიული ღირებულებები და ქვეყნის დასავლური კურსის შენარჩუნებაა. გაცდენილ ლექციებს აუცილებლად ავანაზღაურებ, როდესაც ამის შესაძლებლობა მოგვეცემა.
დიდი მადლობა ნინო ჟიჟილაშვილს, რომ მომცა შესაძლებლობა, მესწავლებინა არაჩვეულებრივი ახალგაზრდებისთვის. მადლობა სტუდენტებს, რომ ბევრი რამე მასწავლეს ბოლო 10 წლის განმავლობაში", - წერს წიკლაური.
CU ერთ-ერთია იმ 38 უნივერსიტეტს შორის, რომელთა რექტორები ზოგიერთი ლექტორის მიერ პროტესტის ნიშნად ლექციების ჩატარებაზე უარის თქმას "მიუღებლად" მიიჩნევენ. მოგვიანებით განცხადება გაავრცელა კავკასიის უნივერსიტეტის მმართველთა საბჭო, რომ ემიჯნება უნივერსიტეტების საერთო განცხადებას.
გუშინ, 14 მაისს უნივერსიტეტის უკვე ყოფილმა ლექტორმა, სოსო ბერიკაშვილმა დაწერა, რომ ის კავკასიის უნივერსიტეტიდან გაუშვეს.
მისი თქმით, უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ დაიბარა და უთხრა, რომ სუს-მა მისი სამსახურიდან გათავისუფლება მოსთხოვა, მიზეზად კი "ბიძინას გინება" დაუსახელა.
ამ განცხადების შემდეგ, CU-ს დატოვების შესახებ დატოვა უნივერსიტეტის კიდევ ერთმა ლექტორმა, ნიკო ნერგაძემ, ასევე, ნინიკო რობაქიძემ, ლევან ბერძენიშვილმა, დავით ქაშიაშვილმა, სალომე უგულავამ, რუსიკო კობახიძემ, ნინო მითაიშვილმა, ზვიად ქორიძემ, მამუკა ანდღულაძემ, სოფო ზურაბიანმა და ნინი ჭაჭიამ.