ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მედიატორი არ დააყენებს ისეთ წინადადებას, რომელიც ეწინააღმდეგება სამართლიანობის პრინციპს.
"შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, მედიატორი არც ერთ ისეთ წინადადებას არ დააყენებს, რომელიც ეწინააღმდეგება სამართლიანობის პრინიციპს. ამაში ჩვენ დარწმუნებულები ვართ. მათ შორის გამომდინარე იმ დისკუსიებიდან, რომლებიც აქამდე გაიმართება. ზოგადად, განწყობებშიც გამოკვეთილია", - განაცხადა კობახიძემ.
დანიელსონი გუშინ დილიდან ჯერ ქართულ ოცნებას შეხვდა, შემდეგ - ოპოზიციას, შემდეგ ისევ ქართულ ოცნებას. დღის ბოლოს გაერთიანებული სხდომა უნდა გამართულიყო, თუმცა შეხვედრის შემდეგ, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დისკუსიები პრემიერის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგაც გაგრძელდებოდა, რადგან გარკვეული საკითხები დასაზუსტებელი იყო, ხოლო ოპოზიციასთან ერთობლივი შეხვედრა აღარ გაიმართებოდა. კობახიძის ამ განცხადების შემდეგ დანიელსონმა პრეს-კონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ საქართველოში კიდევ ერთი დღით დარჩებოდა.
დანიელსონი ოპოზიციას დღეს დილითაც შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ დიპლომატი შეეცდება, საქართველოში მხარეებს შორის შეთანხმებამდე დარჩეს.
მიშელმა საქართველოში გამართული ვიზიტისას, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მისი შუამავლობით შემდგარი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს 16 მარტს დაგეგმილი ვიზიტის დროს ევროპარლამენტში კონკრეტული შედეგებით ელიან.
მიშელმა ჩარჩო საკითხებიც წარმოადგინა, რომელიც იმ საკვანძო თემებს მოიცავს, რომლის გარშემოც შემდგომი მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს.
დოკუმენტში სხვა რეფორმებთან ერთად ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაცაა შეტანილი.